რეგულირების სფერო

„სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას საბაჟო კონტროლის განხორციელების წესი" ვრცელდება სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი იმ ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული პროდუქტების იმპორტზე, რომლებიც შესაძლებელია წარმოადგენდეს გენმოდიფიცირებულს.

ეს წესი ვრცელდება სურსათზე/ცხოველის საკვებზე, რომელიც წარმოებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისგან ან შეიცავს ინგრედიენტებს, რომლებიც წარმოებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან.

ეს წესი არ ვრცელდება სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმზე და გენმოდიფიცირებულ პროდუქტზე, თუ მათ შემადგენლობაში არსებული გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტები საერთო მასის 0,9%-ია, ან 0,9%-ზე ნაკლებია.

სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული პროდუქტი ეტიკეტირებული უნდა იქნეს საქართვლოს მთავრობის 2015 წლის 7 ივლისის  „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ”  N320 დადგენილებითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით:

გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში, წრიულ ფორმაში წარწერა - "გმ". აღნიშნული წარწერები იმდენად თვალსაჩინო, ადვილად აღქმადი და მკვეთრად გამოსახული უნდა იყოს, რომ მომხმარებელმა ადვილად შეძლოს მათი იდენტიფიცირება და მკაფიოდ და თვალსაჩინოდ უნდა იქნეს მითითებული ეტიკეტზე;

თუ სურსათი/ცხოველის საკვები შედგება ერთი ან მეტი ინგრედიენტისგან, სიტყვები "გენეტიკურად მოდიფიცირებული" ან "წარმოებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმისგან" მითითებული უნდა იქნეს ინგრედიენტების ჩამონათვალში, უშუალოდ მოცემული ინგრედიენტის გასწვრივ;

თუ სურსათი/ცხოველის საკვები, რომელიც ბაზარზე განთავსებულია შეფუთვის გარეშე, საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდების მიზნით, უნდა ახლდეს წერილობითი საინფორმაციო ფურცელ-ჩანართების ან/და ბუკლეტების სახით, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლისათვის;

თუ სურსათი/ცხოველის საკვები, რომელიც ბაზარზე განთავსებულია მცირე ზომის შეფუთვით და რომლის ზედაპირის ფართობი 10 სმ2-ზე ნაკლებია, განსაზღვრული მოთხოვნები აუცილებელია განთავსდეს ამ სურსათის/ცხოველის საკვების შესაფუთ მასალაზე თვალსაჩინოდ, დიდი ზომის შრიფტით.

 

 

ნიმუშის აღება

ნიმუშის აღების  სიხშირე განისაზღვრება ASYCUDA-ს მეშვეობით რისკების მართვის სისტემის გამოყენებით.

საქონლის მფლობელს უფლება აქვს, მოითხოვოს აღებული ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის დაჩქარებული წესით ჩატარება თავისი ხარჯით იმ ლაბორატორიაში, რომელსაც აქვს შესაბამისი აკრედიტაცია დაჩქარებული მეთოდით გამოკვლევაზე.

იმ შემთხვევაში თუ ლაბორატორიული ანალიზის შედეგად გამოვლინდა გენმოდიფიცირებული ორგანიზმი ან/და პროდუქტი, საქონლის მფლობელს შეუძლია მოითხოვოს განმეორებითი ნიმუშის აღება. ნიმუშის აღება ხორციელდება მისი მოთხოვნით და მისი ხარჯით.

განმეორებითი ნიმუში აიღება:

ა) ორ ეგზემპლარად, ილუქება და ერთი ეგზემპლარი გადაეცემა საქონლის მფლობელს ლაბორატორიული ანალიზისათვის, ხოლო მეორე - რეფერენტული (შედარებითი)ნიმუშის სახით სათანადო პირობებში ინახება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში. საქონლის მფლობელის მოთხოვნით, შესაძლებელია ნიმუშის ორივე ეგზემპლარის ერთდროულად გადაცემა ლაბორატორიული ანალიზისათვის.
ბ) ერთ ეგზემპლარად, რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის სახით იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მფლობელის მიერ ნიმუში ლაბორატორიული ანალიზისათვის გაიგზავნება ევროკავშირის ქვეყნებში ევროკომისიის მიერ აღიარებულ რეფერენტულ აკრედიტებულ ლაბორატორიაში.

 

       ლაბორატორიების ნუსხა (იხ.დანართი).

განსკუთრებული პირობები

 

ნიმუშის აღებას არ ექვემდებარება ის სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი ორგანიზმი ან მისგან წარმოებული პროდუქტი, რომლის იმპორტი ხორციელდება "საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის N50 დადგენილების დანართით ("ევროკავშირის და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ნუსხა, რომელთა ტექნიკური რეგლამენტები საქართველოში სამოქმედოდ არის დაშვებული") განსაზღვრული ქვეყნიდან და თან ახლავს ამავე ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მოცემული პროდუქტი არ წარმოადგენს გენმოდიფიცირებულს.

 

აკრძალვები      

აკრძალულია ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტი/რეექსპორტი, გარდა ჩაკეტილ სისტემებში გამოყენების მიზნით იმპორტისა. ასევე აკრძალულია საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის საბაზრო ქსელში განთავსება.  აღნიშნული მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

პასუხისმგებლობა

 

გენმოდიფიცირებული ორგანიზმების და პროდუქტის ეტიკეტირების წესების დარღვევა ითვალისწინებს პასუხისმგებლობას "სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად - სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი ეტიკეტირების წესების დარღვევა, მათ შორის, ეტიკეტირების შეუძლებლობის შემთხვევაში დადგენილი წესების დარღვევა, მათი ბაზარზე განთავსებისას და იმპორტისას, აგრეთვე თანმხლები დოკუმენტის არქონა -გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;

ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით - გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად, იმპორტიორს ეძლევა შეუსაბამობის გამოსწორების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. შეუსაბამობის გამოსწორება გულისხმობს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების და პროდუქტის ეტიკეტირების წესებთან შესაბამისობაში მოყვანას ან შესაბამისობის დეკლარაციის წარმოდგენას ან გენმოდიფიცირებული ორგანიზმების და პროდუქტის ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნებას ან განადგურებას იმპორტიორის ხარჯებით.

ძირითადი მარეგულირებელი ნორმატიული აქტები (2018 წლის 22 ოქტომბრის მდგომარეობით):

1. საქართველოს კანონი სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ

2. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ივლისის 320 დადგენილება

3.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 16 ივლისის №221 ბრძანება