საქველმოქმედო ორგანიზაცია

 

საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი ენიჭება ორგანიზაციას, რომელიც შექმნილია საქველმოქმედო საქმიანობის განსახორციელებლად, რეგისტრირებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით და აქვს საქველმოქმედო საქმიანობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მისაღებად გადამხდელმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს განაცხადი და ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია:
ა) ორგანიზაციის წესდების ასლი;
ბ) სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის ასლი;
გ) ბოლო წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც უნდა შეიცავდეს საქმიანობის (პროექტების, მომსახურების) აღწერას;
დ) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადასტურებული ბოლო წლის ფინანსური დოკუმენტები (ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიში).

სტატუსის მიღებასთან ერთად ორგანიზაციას ეკისრება რიგი ვალდებულებები. კერძოდ, საქველმოქმედო ორგანიზაციამ ყოველი წლის 1 აპრილამდე ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს:

ა) ბოლო წლის საქმიანობის პროგრამული ანგარიში, რომელიც უნდა შეიცავდეს საქმიანობის (მათ შორის, ეკონომიკურის) აღწერას;
ბ) ფინანსური ანგარიში მიღებული შემოსავლების შესახებ, წყაროებისა და გაწეული ხარჯების მიზნობრიობის მითითებით;
გ) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადასტურებული ბოლო წლის ფინანსური დოკუმენტები (ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიში).

საქველმოქმედო ორგანიზაციას სტატუსი უუქმდება:

ა) ორგანიზაციის ინიციატივით;
ბ) მისი ჩამორთმევის შემთხვევაში.

საქველმოქმედო ორგანიზაციას სტატუსი ჩამოერთმევა, თუ:

ა) დაარღვია საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები;
ბ) გაუუქმდა სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაცია.

საგადასახადო მიზნებისთვის, საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ საგადასახადო შეღავათებით სარგებლობისას, გაითვალისწინება შესაბამისი ოპერაციების შინაარსი. კერძოდ:
სსკ-ის 99-ე მუხლის თანახმად, მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება საქველმოქმედო ორგანიზაციების მოგება, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული მოგების გარდა.
სსკ-ის მე-9 და 30-ე მუხლების დებულებების გათვალისწინებით, ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად (მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა) განიხილება ეკონომიკურ საქმიანობად. ხოლო თუ ორგანიზაცია ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, მისი ქონებისა და საქმიანობის ნაწილი, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია მის ეკონომიკურ საქმიანობასთან, ითვლება საწარმოს ქონებად და საქმიანობად.
ამდენად, თუ აორგანიზაცია არ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, მას მოგების გადასახადის გადახდის ვალდებულება არ წარმოეშობა.
სსკ-ის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებს.
შესაბამისად, თუ ადგილი არ ექნება საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდებას, მომსახურების გაწევას ან დღგ-ით დასაბეგრ სხვა ოპერაციებს, მას დღგ-ის გადახდის ვალდებულება არ წარმოეშობა.
ქონების გადასახადის ნაწილში გასათვალსიწინებელია სსკ-ის 206-ე მუხლის დებულებები. ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია ორგანიზაციის ქონება, აგრეთვე ორგანიზაციაზე ლიზინგით გაცემული ქონება, გარდა მიწისა და ორგანიზაციის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ქონებისა. რაც შეეხება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების ვალდებულებას, იგი წარმოიშობა სსკ-ის 154-ე მუხლით განსაზღვრული განაცემების, მათ შორის, საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ გაცემული ხელფასის მიმართ. შემოსავლების სამსახური აწარმოებს საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიან რეესტრს, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის და განთავსებულია www.rs.ge-ზე. დღეისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსით 102 ორგანიზაცია სარგებლობს.