გამარტივებული პროცედურები
გამარტივებული პროცედურებით სარგებლობა შესაძლებელია, თუ თქვენ მიიღებთ „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსს.
შემოსავლების სამსახური პირს „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსს ანიჭებს, თუ:
1. შემოსავლების სამსახურში კანდიდატის განცხადების რეგისტრაციის თვის პირველი რიცხვიდან წინა უწყვეტი 12 თვის განმავლობაში აქვს:
- საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტში ან/და ექსპორტში დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების მაღალი მაჩვენებელი – არანაკლებ 5,0 მლნ ლარისა;
- იმპორტის გადასახდელებზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების შესრულების მაღალი მაჩვენებელი – არანაკლებ 900 000 ლარისა, ან საქონლის იმპორტის ან/და ექსპორტის მიზნით წარდგენილი საბაჟო დეკლარაციების დიდი ოდენობა – არანაკლებ 100-ისა;
2. შემოსავლების სამსახურში კანდიდატის განცხადების რეგისტრაციის თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით:
2.1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-10, მე-11, მე-19−21-ე ნაწილებით გათვალისწინებული:
- მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების (რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან გასაჩივრდა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა) არ არსებობს, ან;
- სამართალდარღვევის გამოვლენიდან გასულია უწყვეტი 6 თვე;
2.2. რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად;
2.3. არ აქვს საგადასახადო დავალიანება.
ოქროს სიის მონაწილის მიერ საბაჟო დეკლარაციის წარდგენისას:
- მწვანე ან ლურჯი დერეფნის შემთხვევაში, ხორციელდება მხოლოდ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციისა და წარდგენილი დოკუმენტების კამერალური შემოწმება. საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარაციას ელექტრონულად ენიჭება მხოლოდ A ნომერი და შტრიხ-კოდი, ამოიბეჭდება და საქონელი გაიშვება „ოქროს სიის“ მონაწილის სრულ განკარგვაში გადაცემით (ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება და ლუქის ან/და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების მოხსნა).
- ყვითელი ან წითელი დერეფნის შემთხვევაში, სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია საბაჟო გამშვებ პუნქტში არ ამოიბეჭდება, საქონელი საბაჟო კონტროლის ქვეშ (რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით ან მოწმობით, გარდა TIR წიგნაკით გადაადგილებულისა) გადაადგილდება „ოქროს სიის“ მონაწილის საწყობამდე ან მის მიერ შერჩეულ საბაჟო საწყობამდე ან გაფორმების ადგილამდე და საგადასახადო ორგანოს ნებადაურთველად არ დაიშვება სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული ლუქის ან/და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების მოხსნა.
„ოქროს სიის“ მონაწილე პირისათვის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასა და გაფორმებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დადგენილი „ოქროს სიის“ მონაწილე პირის მიერ იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადაში. ამასთან, არასამუშაო დროს, შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები არ ორმაგდება „ოქროს სიის“ მონაწილისათვის.
გაფორმების საგადასახადო ორგანოს, „ოქროს სიის“ მონაწილის მიერ სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია წარედგინება ელექტრონულად, ASYCUDA-ს მეშვეობით, ხოლო სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისათვის საჭირო დოკუმენტები წარედგინება ელექტრონულად ან ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია, მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს.