სასაქონლო - მატერიალური ფასეულობის ჩამოწერა
ინფორმაცია განახლებულია 2019 წლის 27 ივნისისთვის მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.
ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის (სმფ), მათ შორის, სმფ-ების ტარის დაზიანების შედეგად განადგურებული სმფ-ების შიგთავსის ჩამოწერა შეგიძლიათ ელექტრონულად, „ვადაგასული ან/და შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურების შესახებ“ განცხადების წარმოდგენით:
თქვენი განცხადების მიღებიდან:
● არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის მოთხოვნა პირდაპირ დადასტურდება; ან
● არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა ადგილზე გასვლით მოხდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემოწმება/ჩამოწერა.
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის პროცესის დაწყებისთვის აუცილებელია:
● სმფ-ების ჩამოწერის განცხადება წარმოდგენილი იყოს გადასახადის გადამხდელის ავტორიზირებული ვებ-გვერდიდან, რა დროსაც განცხადებას ენიჭება უნიკალური ID ნომერი;
● განცხადების ID ნომრის მიხედვით მომსახურების საფასურის (20 ლარის) გადახდა;
● საფასურის ID ნომრის გარეშე გადახდის შემთხვევაში, აუცილებელია მომსახურების საფასურის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა შემოსავლების სამსახურის სერვის-ცენტრში.
2019 წლის 1 ივლისიდან შესაძლებლობა გაქვთ, ჩამოწეროთ სმფ-ების ტარის დაზიანების შედეგად განადგურებული სმფ-ების შიგთავსი. მაგალითად: ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები, ტყემალი, ტომატი, მაიონეზი, რძის ნაწარმი და სხვა მსგავსი სმფ.
რესტორნის, კაფის, სწრაფი კვების, ბარის, კლუბის, სასტუმროს და მსგავსი ტიპის ობიექტებისთვის სმფ-ების შიგთავსის ჩამოწერისთვის საჭირო მტკიცებულებებია:
ა) დაზიანებული სმფ-ების ტარა, რომლის თავსახურის მთლიანობა (გარდა მარკირებისა) დაუზიანებელია;
ბ) პასუხისმგებელ პირზე დაკისრებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, მიღებული/ნაპატიები მოთხოვნის თანხის ოდენობა შეესაბამება ან აღემატება დაზიანებული სმფ-ების გაუვარგისებამდე არსებულ სააღრიცხვო ღირებულებას;
გ) სმფ-ების დაზიანების პროცესის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი.
ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებებიდან აუცილებელი და საკმარისია წარმოდგენილ იყოს „ა“ და „ბ“ პუნქტებით განსაზღვრული მტკიცებულებები ან „ა“ და „გ“ პუნქტებით განსაზღვრული მტკიცებულებები.
ქარხნის, საამქროს, სადისტრიბუციო ქსელის, საწყობის, მაღაზიის და და მსგავსი ტიპის ობიექტებისთვის სმფ-ების შიგთვსის ჩამოწერისთვის წარმოსადგენი საჭირო მტკიცებულებაა:
დაზიანებული სმფ-ების ტარა, რომლის თავსახურის მთლიანობა (გარდა მარკირებისა) დაუზიანებელია.
ვადაგასული ან/და შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურების შესახებ განცხადება გაუქმებას ექვემდებარება მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
ა) გადაუხდელია მომსახურების საფასური;
ბ) განცხადება ავტომატურად დადასტურდა.
თუ განცხადება დაექვემდებარება სმფ-ების ადგილზე გასვლით ჩამოწერას, განცხადების გაუქმების თაობაზე გადამხდელის მომართვა აღარ განიხილება.
საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე – იწვევს პირის დაჯარიმებას წარდგენილი ინფორმაციის შედეგად დაუდასტურებელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით-სსკ-ის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად.