ინფორმაციის განახლების თარიღი: 29 მაისი 2012

სტატუსები და რეჟიმები

საერთაშორისო ფინანსური კომპანია
როგორ ხდება საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსის მინიჭება და რა შეღავათებით სარგებლობს იგი?

საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელია, პირი წარმოადგენდეს ფინანსურ ინსტიტუტს (კომერციული ბანკი, სადაზღვევო ორგანიზაცია, გადამზღვეველი კომპანია, საინვესტიციო ბანკი, საფონდო ბირჟა, ცენტრალური დეპოზიტარი, საბროკერო კომპანია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საკრედიტო კავშირი, საინვესტიციო ფონდი ან/და ფინანსური მომსახურების განმახორციელებელი სხვა ორგანიზაცია), რომელიც საქმიანობს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ. საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსის მინიჭებას და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემას ახორციელებს შემოსავლების სამსახური.
საერთაშორისო ფინანსური კომპანია სარგებლობს დაბეგვრის შეღავათიანი პირობებით. მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულია მის მიერ ფინანსური ოპერაციებიდან ან/და ფინანსური მომსახურებიდან მიღებული მოგება, ასევე, საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული მოგება.

კანონმდებლობა:
საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 23
საწარმოსათვის/ფინანსური ინსტიტუტისათვის საერთაშორისო ფინანსური კომპანიის, სპეციალური სავაჭრო კომპანიის და საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მინიჭების/გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის N641 ბრძანება. 

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო
რას წარმოადგენს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო და რა შეღავათებით სარგებლობს იგი?

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო არის „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საწარმო (ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმის საწარმო, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში).
თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობით მიღებული მოგება გათავისუფლებულია მოგების გადასახადისგან;

კანონმდებლობა:
საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 25

საბაჟო საწყობი და სპეციალური სავაჭრო კომპანია
როგორ მივიღოთ საბაჟო საწყობის ნებართვა?

საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის შენახვის მიზნით, შეგიძლიათ დააფუძნოთ საბაჟო საწყობი.
საბაჟო საწყობის ნებართვის მისაღებად განცხადება  შეგიძლიათ შეავსოთ შემოსავლების სამსახურის  ვებგვერდზე   ან მიმართოთ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს (მის: თბილისი, ალექსიძის ქუჩა №1) ან ნებისმიერ სერვისცენტრს. 

კანონმდებლობა: 
საქართველოს მთავრობის დადგენილება №9
 

როგორ მივიღოთ სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი?

თუ თქვენ გეგმავთ საქონლის რეექსპორტის, საბაჟო საწყობში საქონლის შესყიდვის ან/და მიწოდების ოპერაციებს, მოგების გადასახადისაგან გათავისუფლების მიზნით შეგიძლიათ, დააარსოთ საწარმო და მიიღოთ სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი
განცხადება შეგიძლიათ, შეავსოთ შემოსავლების სამსახურის  ვებგვერდზე - www.rs.ge (ლინკი) ან განცხადებით მიმართოთ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს (მის: თბილისი, ალექსიძის ქუჩა №1) ან ნებისმიერ სერვისცენტრს 

კანონმდებლობა:
საქართველოს საგადასახადო კოდექსი მუხლი 241
„საწარმოსათვის/ფინანსური ინსტიტუტისათვის საერთაშორისო ფინანსური კომპანიის, სპეციალური სავაჭრო კომპანიის და საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მინიჭების/გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის N641 ბრძანება.

სპეციალური სავაჭრო ზონა
ვის ენიჭება სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსი?

სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოში ეწევა ვაჭრობას, კერძოდ: საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ბაზრის ან/და შენობა-ნაგებობის ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის გაქირავებას. სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსი შესაძლებელია, მიენიჭოს საკუთარი ან საქართველოს მთავრობის ინიციატივით. სსზ-ის სტატუსის მიღების მიზნით დაინტერესებული იურიდი­ული პირი განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს.

რა ვალდებულებები წარმოეშვება სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მქონე პირს?

სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია: 
სსზ-ის ტერიტორიაზე მოაწყოს სსზ-ის საწყობი, სადაც განხორ­ციელდება შესული საქონლის აღრიცხვა რაოდენობისა და სახეობის მი­ხედვით, აგრეთვე ამ საქონლის მესაკუთრეთა იდენტიფიცირება;
განახორციელოს სსზ-ის ტერიტორიაზე თითოეული საქონლის დამცავი საშუალებით ნიშანდება;
სსზ-ში რეალიზებულ საქონელზე მომხმარებელთან ანგარიშსწორება განახორციელოს ცენტრალიზებულად მართული სალარო პუნქტების მეშვეობით და სხვა.

კანონმდებლობა:
საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 26, 1331
„სპეციალური სავაჭრო ზონის ფუნქციონირების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის N493 დადგენილება.