ინფორმაციის განახლების თარიღი: 12 დეკემბერი 2018

 

ტრანზიტი

1. ტრანზიტის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა,
უცხოური საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით გადაადგილდეს სატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე, საბაჟო კონტროლის ქვეშ.

2. რა საქონელი შეიძლება მოექცეს ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში?
ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში შეიძლება მოექცეს როგორც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, ასევე ნებისმიერ სასაქონლო ოპერაციაში (დროებითი შემოტანის, ექსპორტის, შიდა გადამუშავების და გარე გადამუშავების გარდა) მოქცეული უცხოური საქონელი, თუ წარდგენილია კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები.

შენიშვნა: გამგზავნი საგადასახადო ორგანო (საბაჟო გამშვები პუნქტი ან გაფორმების ორგანო) არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ადგილი, საიდანაც იწყება სატრანზიტო გადაზიდვა, ხოლო დანიშნულების საგადასახადო ორგანო (საბაჟო გამშვები პუნქტი ან გაფორმების ორგანო) – საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ადგილი, სადაც მთავრდება სატრანზიტო გადაზიდვა.

3. რა დოკუმენტების წარდგენაა საჭირო საბაჟო საზღვარზე ტრანზიტისას?
3.1. სატრანსპორტო დოკუმენტი:

  •  საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები (CMR) ან TIR-წიგნაკი;
  •  საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი;
  •  საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედნადები;
  •  სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები;

3.2. საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი:

  •  საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება ან
  •  ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) ან
  •  სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი.

3.3. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ნებართვა ან/და ლიცენზია ან/და სერტიფიკატი ან/და სხვა დამატებითი დოკუმენტაცია.

4. დანიშნულების ქვეყნის/საბაჟო გამშვები პუნქტის შეცვლის შემთხვევაში საზღვარზე წარედგინება:
იმ შემთხვევაში, როდესაც ტრანზიტით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების წარდგენა, აღრიცხვის მოწმობის 53-ე გრაფაში („დანიშნულების ორგანო და ქვეყანა“) მითითებული საბაჟო გამშვები პუნქტის ნაცვლად, ხდება სხვა უცხო ქვეყანასთან არსებულ საქართველოს სახელმწიფო საზღვართან მდებარე საბაჟო გამშვებ პუნქტში (თუ სატრანსპორტო საშუალების ან საქონლის გადაადგილება ამ მიმართულებით არ იკრძალება), დეკლარანტმა ან გადაზიდვაზე პასუხისმგებელმა პირმა უნდა წარადგინოს დანიშნულების ქვეყნის შეცვლის დამადასტურებელ სატრანსპორტო დოკუმენტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს წინმსწრები სატრანსპორტო დოკუმენტის შესახებ მონაცემები (ნომერი, გაცემის თარიღი).
შენიშვნა: წარდგენილი სატრანსპორტო დოკუმენტების კოდები შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებით დამტკიცებული კლასიფიკატორის მე-10 ნაწილის მიხედვით და დოკუმენტების ნომრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დანიშნულების ქვეყნის მოკლე დასახელება (თუ დანიშნულების ქვეყანა რამდენიმეა, მიეთითება პირველი) მიეთითება მოწმობის უკანა გვერდზე და მოწმდება საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერითა და პირადნომრიანი ბეჭდით.

5. რა ვადებში უნდა მოხდეს საქონლის/სატრანსპორტო საშუალების მიტანა დანიშნულების ადგილზე?

5.1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის ტრანზიტით გადაადგილების ვადა შეადგენს 20 კალენდარულ დღეს.
5.2. სეს ესნ-ის 8702, 8703, 8704, 8711 ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) შემთხვევაში – არაუმეტეს 60 კალენდარულ დღეს.
5.3. საბაჟო დეკლარაციის წარდგენით საწყობის სასაქონლო ოპერაციიდან ტრანზიტში დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტს უნდა წარედგინოს დეკლარაციის რეგისტრაციიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
შენიშვნა: ტრანზიტით გადაადგილებული საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში, ტრანზიტული საქონლის გადაადგილებისათვის განსაზღვრული 20-დღიანი ვადის დინება ჩერდება საქონლის დროებით შენახვის ვადით და განახლდება დროებითი შენახვის დასრულებისთანავე.

6. ვინ არის პასუხისმგებელი პირი საქონლის ტრანზიტით გადაადგილებისას?

საბაჟო კონტროლის ზონაში დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში საქონლის იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლად და მისი თანმხლები დოკუმენტებით წარდგენის ვალდებულება, ასევე საქონლის ტრანზიტით გადაადგილების დროს წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირია – საქონლის გადამაადგილებელი სატრანსპორტო საშუალების მფლობელი.

7. რა უნდა იცოდეს სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა დამატებით:
7.1. ავარიისა ან დაუძლეველი ძალის მოქმედების დროს, პირმა, რომელიც ვერ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, უნდა აცნობოს (თუ ეს შესაძლებელია) საგადასახადო ორგანოს აღნიშნული გარემოებების შესახებ და იმოქმედოს მისი მითითებების შესაბამისად;
7.2. სატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, საქონლის სხვა სატრანსპორტო საშუალებაში (ან სხვა კონტეინერში) გადატვირთვა შესაძლებელია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის ზედამხედველობით, რომელიც ახორციელებს სატრანსპორტო საშუალების (კონტეინერის) დალუქვას და შესაბამის მონაცემებს აფიქსირებს აღრიცხვის მოწმობაში;
7.3. თუ საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს უახლოეს საგადასახადო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.

8. როგორ ხორციელდება საქონლის ტრანზიტში დეკლარირება?
8.1. ტრანზიტის სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით ხდება მხოლოდ:

  •  საქართველოდან ტრანზიტით გასატანი საქონლის დეკლარირება, იმ შემთხვევაში, როცა საქონლის მიმართ წინმსწრები სასაქონლო ოპერაცია განხორციელდა საბაჟო დეკლარაციის მეშვეობით;
  •  მილსადენი და ელექტროგადამცემი ხაზებით ტრანზიტით გადაადგილებული საქონლის დეკლარირება;
  •  საქართველოდან საზღვაო ტრანსპორტით გასატანი საქონლის ტრანზიტის დასრულება (გარდა კონტეინერებში და სხვა სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლისა).

8.2. საქონლის ტრანზიტში დეკლარირების დროს, თუ არ არსებობს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით განხორციელებული წინმსწრები ოპერაცია, საბაჟო დეკლარაციად ითვლება საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენილი და სათანადო წესით დამოწმებული:

  •  TIR-წიგნაკი, რომლითაც ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანილი საქონლის საბაჟო კონტროლზე აყვანა;
  •  მოწმობა – TIR-წიგნაკის არქონის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის შემთხვევაში;
  •  ელექტრონული მოწმობა – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის შემთხვევაში;
  •  სატრანსპორტო საშუალების თანმხლები დოკუმენტი – თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის, ნახევრადმისაბმელის შემთხვევაში;
  •  ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია – თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადასატანი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით (უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირის მიერ ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირის მიერ შემოტანილ საქონელზე) განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის შემთხვევაში.


8.3. სახმელეთო გზით შემოტანილი და საქართველოდან ტრანზიტით, საზღვაო ტრანსპორტით გასატანი საქონლის გადაადგილება ხორციელდება გამგზავნ საბაჟო გამშვებ პუნქტში გამოწერილი მოწმობით ან ელექტრონული მოწმობით, ხოლო საქონლის (გარდა კონტეინერებში და სხვა სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლისა) ტრანზიტის დასრულების მიზნით, დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში (გაფორმების საგადასახადო ორგანოში) დამატებით წარედგინება სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია.

შენიშვნა:

  •  საზღვაო გზით შემოტანილი და საქართველოდან სახმელეთო ტრანსპორტით გასატანი (რაც დასტურდება საქონლის თანმხლები ან/და სხვა დოკუმენტებით) საყარი საქონლის ტრანზიტში დეკლარირება მოწმობის გამოწერით შესაძლებელია საზღვაო სატრანსპორტო საშუალებიდან საქონლის ჩამოტვირთვამდეც.

 საქართველოდან ტრანზიტით გასატან საქონელზე, რომელზეც წინმსწრები სასაქონლო ოპერაცია განხორციელდა საბაჟო დეკლარაციით, სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია წარედგინება გაფორმების იმ ორგანოში, სადაც განხორციელდა წინმსწრები სასაქონლო ოპერაცია და, საქონლის სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის შემთხვევაში, ამავე ორგანოს მიერ გაიცემა მოწმობა.

9. როგორ ხორციელდება საქონლის დროებითი შენახვა ტრანზიტისას?

საბაჟო დეკლარაციის წარდგენით საწყობის სასაქონლო ოპერაციიდან ტრანზიტში დეკლარირებული საქონლის დროებით შენახვისას, განაცხადი არ წარედგინება და საქონლის დროებით შენახვის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება დეკლარაციით. საზღვაო გზით შემოტანილი და მოწმობის გამოწერით ტრანზიტში დეკლარირებული საყარი საქონლის დროებით შენახვისას, განაცხადი არ წარედგინება და საქონლის დროებით შენახვის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება დამოწმებული მოწმობით.

10. როგორ სრულდება ტრანზიტი?
10.1. ტრანზიტის დასრულების მიზნით, ხორციელდება:

  •  სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენა და საქონლის ფაქტობრივი გატანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ;
  •  საქონლის ფაქტობრივი გატანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ შესაბამისი მოწმობის კონტროლიდან მოხსნით (გარდა იმ შემთხვევისა, როცა დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტს წარედგინება სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია);
  •  საქონლის განთავსება საბაჟო საწყობში ან დროებითი შენახვის სხვა ადგილას და დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მისი ფაქტობრივი გატანა ზემოაღნიშნული წესების შესაბამისად;
  •  საქონლისათვის სხვა სასაქონლო ოპერაციის შერჩევა;
  •  საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებული დოკუმენტის (TIR-წიგნაკი) წარდგენა საბაჟო დეკლარაციის ნაცვლად;
  •  თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის, ნახევრადმისაბმელის შემთხვევაში, ასევე თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადასატანი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის შემთხვევაში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვა.


10.2. ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან მოხსნა, როგორც წესი, ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტში, საიდანაც ხდება საქონლის საბაჟო საზღვრის გარეთ გატანა (დანიშნულების საგადასახადო ორგანო), ხოლო სასაქონლო ოპერაციის ან სატრანსპორტო საშუალების შეცვლისას, ან საქონლის გადამისამართებისას – იმ საგადასახადო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც ხდება სასაქონლო ოპერაციის ან სატრანსპორტო საშუალების შეცვლა, ან საქონლის გადამისამართება.

11. როგორ ხორციელდება ავტომობილების გადამზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში TIR-წიგნაკის კონტროლიდან მოხსნა?
11.1. TIR-წიგნაკს კონტროლიდან ხსნის დანიშნულების საგადასახადო ორგანო – საბაჟო გამშვები პუნქტი, რომლის გავლითაც ტოვებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიას ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალება. კონტროლიდან მოხსნის მიზნით, TIR წიგნაკის 27-ე გრაფაში მიეთითება „ASYCUDA“-ს მიერ მინიჭებული „R“ ნომერი; 28-ე გრაფაში დაესმება საგადასახადო ორგანოს დამღა „მოხსნილია კონტროლიდან“, ხოლო დამღაში შესაბამის ადგილზე მიეთითება კონტროლიდან მოხსნის თარიღი, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერა და პირადნომრიანი ბეჭედი ან საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისის ტრუქტურული ერთეულის/ქვედანაყოფის მრგვალი ბეჭედი.

11.2. მოწმობის ელექტრონულ ფორმატში „I“ გრაფის განყოფილებაში „შენიშვნა“ საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი უთითებს ტრანზიტული ტვირთის გადამზიდავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მიერ წარდგენილი გზათსარგებლობის საფასურის საბანკო დაწესებულებაში გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ან გზათსარგებლობის საფასურის ბარათის მონაცემებს.

12. გზათსარგებლობის საფასურის შეძენა/წარდგენა და ტრანზიტული ტვირთის გადაზიდვის პირობები

12.1. გზათსარგებლობის საფასური სავალდებულო გადასახ¬დელია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში და გადაიხდე¬ვინება საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო ინფრასტრუქ¬ტურის უტილიზაციისათვის.
12.2. ერთი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით სახელმწიფო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ საქართველოს ტერიტორიის გავლით ტვირთების ტრანზიტულად გადაზიდვისათვის დადგენილია გზათსარგებლობის საფასური 200 ლარის ოდენობით.
12.3. გზათსარგებლობის საფასური გადაიხდევინება 302003277 სახაზინო კოდზე.
12.4. სახელმწიფო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ საქართველოს ტერიტორიის გავლით ტვირთების ტრანზიტულად გადაზიდვისას ავტოსატრანსპორტო საშუალებების, რომელიც გათვალისწინებულია სეს ესნ 8701 (ტრაქტორები და უნაგირა საწევარები) და 8704 (ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები ტვირთების გადასაზიდად (გარდა მიკროავტობუსებისა)) მფლობელი/მძღოლი ვალდებულია, საქართველოს ტერიტორიის დატოვებამდე:

  •  უზრუნველყოს გზათსარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საბანკო დაწესებულებებში, ან
  •  შეიძინოს გზათსარგებლობის საფასურის ბარათი.


12.5. დაუშვებელია გზათსარგებლობის საფასურის გადახდის გარეშე სახელმწიფო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მეშვეობით საქართველოს ტერიტორიაზე ტრან¬ზი¬ტული ტვირთის გადაზიდვა.
12.6. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული ტვირთის გადამზიდა¬ვი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი ვალ¬დე¬ბულია, ქვეყნის ტერიტორიის დატოვებისას საბაჟო გამშვებ პუნქტში წარადგინოს გზათსარგებლობის საფასურის საბანკო დაწესებულებაში გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ან გზათსარგებლობის საფასურის ბარათი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტრანზიტული ტვირთის გადამზი¬დავ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებას ქვეყნის ტერიტორიის დატოვების უფლება არ მიეცემა.
13. რა შემთხვევაში თავისუფლდება პირი გზათსარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან?
გზათსარგებლობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე საზღვაო ნავსადგურში არსებული საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე განთავსებული ტვირთის გადაადგილებას საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან უახლოესი 10 კმ-ის რადიუსში მდებარე კონტროლის ზონაში ან პირიქით.