ინფორმაციის განახლების თარიღი: 05 ივნისი 2020

წინასწარი გადაწყვეტილება

რა არის წინასწარი გადაწყვეტილება?

   დაინტერესებული პირი უფლებამოსილია წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნით მიმართოს შემოსავლების სამსახურს განხორციელებული ან განსახორციელებელი ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით. წინასწარი გადაწყვეტილება არის მაკონტროლებელი/სამართალდამცავი ორგანოსთვის სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ამასთან:

       ✓პირის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნაში წარმოდგენილი ინფორმაცია განეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას;

       ✓ წინასწარი გადაწყვეტილება დაეყრდნობა მხოლოდ პირის მიერ წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებს;

       ✓ წინასწარი გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომლის მიმართაც არის გამოცემული.

წინასწარი გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგები/უპირატესობა

     თუ პირი მოქმედებს წინასწარი გადაწყვეტილების შესაბამისად, დაუშვებელია მაკონტროლებელი/სამართალდამცავი ორგანოს მიერ წინასწარი გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და გადასახადის ან/და სანქციის დარიცხვა.

წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის მოთხოვნა

    წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის მიზნით, დაინტერესებული პირი მიმართავს შემოსავლების სამსახურს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის მოთხოვნით (იხ. ქვემოთ). ამასთან:

       ✓ მოთხოვნას უნდა დაერთოს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

       ✓ წარმომადგენლის მიერ მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, მოთხოვნას უნდა დაერთოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

     დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილ მოთხოვნაში ხარვეზის არსებობის ან/და წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის უზრუნველსაყოფად დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საჭიროების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია დაადგინოს ხარვეზი. ასეთ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს, რა დროსაც ჩერდება წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის ვადის დინება, რომელიც განახლდება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის დღის მომდევნო სამუშაო დღიდან

რა ვადაში გამოიცემა წინასწარი გადაწყვეტილება?

    წინასწარი გადაწყვეტილება გამოიცემა მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა.

წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის პროცედურა

       ✓ წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნა განიხილება წინასწარი გადაწყვეტილების პროექტების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის მიერ;

       ✓ წინასწარი გადაწყვეტილების პროექტი შესათანხმებლად ეგზავნება საქართველოს ფინანსთა მინისტრს;

       ✓ წინასწარი გადაწყვეტილება გამოიცემა შემოსავლების სამსახურის უფროსის ან მის მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი მოადგილის მიერ.

წინასწარი გადაწყვეტილება არ გამოიყენება, თუ:

       ✓ წინასწარ გადაწყვეტილებაში აღნიშნული ფაქტები და გარემოებები, რომლებიც გავლენას მოახდენდა წინასწარ გადაწყვეტილებაზე, არ შეესაბამება რეალურად არსებულს;

       ✓ გაუქმდა ან შეიცვალა საქართველოს კანონმდებლობის ის ნორმა, რომლის საფუძველზედაც იქნა მიღებული წინასწარი გადაწყვეტილება.

   საქართველოს კანონმდებლობის ნორმამ, რომელიც ამძიმებს გადასახადის გადამხდელის მდგომარეობას და რომელსაც მიეცა უკუქცევითი ძალა, არ შეიძლება გავლენა მოახდინოს ნორმის ამოქმედებამდე გამოცემული წინასწარი გადაწყვეტილების შესაბამისად განხორციელებულ ოპერაციებზე.

წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემაზე უარის თქმის საფუძვლები

      შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია უარი თქვას წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემაზე შემდეგი საფუძვლების არსებობისას:

       ✓ წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნა წარმოდგენილია იმ საკითხზე ან/და იმ პერიოდზე, რომლის შემოწმების მიზნითაც პირს უკვე ჩაბარდა საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ სასამართლოს ან საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილება/შეტყობინება ან რომელზედაც შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

       ✓ წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნა წარმოდგენილია იმ პერიოდზე, რომელიც უკვე შემოწმებულია საგადასახადო ორგანოს მიერ;

       ✓ წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნა წარმოდგენილია იმ საკითხზე, რომელიც უკვე შემოწმებულია საგადასახადო ორგანოს მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საკითხის შემოწმებისას საგადასახადო ორგანოს მიერ არ განხორციელებულა დამატებით თანხის დარიცხვა ან/და საგადასახადო სანქციის გამოყენება და პირი ითხოვს წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემას მომავალში განსახორციელებელ ოპერაციებზე;

       ✓ საგადასახადო სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამო პირის წინააღმდეგ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით პირის მიმართ მიმდინარეობს საგადასახადო სამართალდარღვევის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება;

       ✓ მოთხოვნაში არსებული ხარვეზის დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობა;

       ✓ წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნა იმ საკითხზე, რომელიც არ არის გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლით;

       ✓ შემოსავლების სამსახურის უფროსის ან მის მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი მოადგილის მოტივირებული გადაწყვეტილება.

წინასწარი გადაწყვეტილების კოდიფიკაცია

   პირი უფლებამოსილია, მოითხოვოს წინასწარი გადაწყვეტილების შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს საკანონმდებლო აქტებში განხორციელებულ ცვლილებებთან, რის შემდგომაც შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს წინასწარი გადაწყვეტილების კოდიფიკაცია.

წინასწარი გადაწყვეტილების გასაჩივრება

      წინასწარი გადაწყვეტილება, მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში,შეიძლება გასაჩივრდეს:

       ✓ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში;

       ✓ სასამართლოში.

წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემისთვის დადგენილი საფასური

     წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემისთვის დადგენილია მომსახურების საფასურის შემდეგი ოდენობა:

       ✓ 10 000 ლარი (გარდა რეზიდენტი ფიზიკური პირებისა);

       ✓ რეზიდენტი ფიზიკური პირებისათვის − 5 000 ლარი

   შენიშვნა: საფასურის ოდენობის მიზნებისათვის, ფიზიკური პირის რეზიდენტობა განისაზღვრება წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის თაობაზე მოთხოვნის წარდგენის წინა კალენდარული (საგადასახადო) წლის მიხედვით.

 

საფასურის გადახდა ხორციელდება შემდეგ ანგარიშზე (პირადად ან მესამე პირის მეშვეობით):

 მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ – შემოსავლების სამსახური;

 საიდენტიფიკაციო კოდი: 204525585;

 მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა;

 ბანკის კოდი: TRESGE22;

 მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 707017021.