საქონლის/მომსახურების მიწოდების/ტრანსპორტირების დოკუმენტი
სასაქონლო ზედნადები
სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სავალდებულოა გამოიწეროს სასაქონლო ზედნადები.
საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას, აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
სასაქონლო ზედნადები მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
- გამყიდველის და მყიდველის, გადამზიდველის ან/და დისტრიბუტორის რეკვიზიტები;
- ტრანსპორტირების სახე და რეკვიზიტები;
- ოპერაციის შინაარსი;
- საქონლის (ტვირთის) დასახელება, ზომის ერთეული, რაოდენობა, ერთეულის ფასი და თანხა.
სასაქონლო ზედნადებების გამოწორა ხორციელდება ელექტრონული ფორმით გადასახადის გადამხდელის ელექტრონული გვერდიდან.
კანონმდებლობა:
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის ბრძანება N996 (კარი II, თავი IX)
საგადასახადო ანგარიშფაქტურა
საგადასახადო ანგარიშფაქტურა გამოიწერება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდებისას და წარედგინება მიმღებს დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისას.
დღგ-ის გადამხდელად არარეგისტრირებული პირის მიერ, თუკი იგი ახორციელებს ნავთობპროდუქტების გადაადგილებას ან ხე-ტყის პირველადი პროდუქციის მიწოდებას, შესაბამისად, გამოყენებული უნდა იყოს ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურა და ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირისათვის ანგარიშფაქტურა წარმოადგენილი ჩათვლის დოკუმენტია.
კანონმდებლობა:
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის ბრძანება N996 თავიXIII