საქონლის გადაადგილება
გადასახდელებისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ, არაეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი შემდეგი სახის საქონლის შემოტანა:
კალენდარულ დღეში ერთხელ - 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის კვების პროდუქტების იმპორტი, მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში (კვების პროდუქტები უნდა შედიოდნენ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 02, 04, 06−12, 15−21 ჯგუფებში და 0302−0307, 2201−2202 სასაქონლო პოზიციებში).
უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირის 15 000 ლარამდე ღირებულების საქონელი (სატრანსპორტო საშუალების, აქციზური საქონლისა და კვების პროდუქტების გარდა), ხოლო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირისათვის – დამატებით მის მიერ პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელის (ოჯახზე თითო სატრანსპორტო საშუალების, მაცივრის, კომპიუტერისა და ტელევიზორის)
საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას (რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით) შემოტანილი საქონელი (მათ შორის, ავეჯი, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელი, ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალება);
ნებისმიერი ოდენობის ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა (გარდა ნუმიზმატიკური ან საკოლექციო მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულისა) ან/და ფასიანი ქაღალდები;
30 კალენდარულ დღეში ერთხელ - 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონელი (საქონელი უნდა შედიოდეს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფებში, გარდა (3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული) ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის განკუთვნილი სითხეებისა)
საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში - 3 000 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონელი (საქონელი უნდა შედიოდეს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფებში, გარდა (3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული) ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის განკუთვნილი სითხეებისა).
საფოსტო გზავნილის შემთხვევაში - 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონელის (საქონელი უნდა შედიოდეს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფებში, გარდა (3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული) ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის განკუთვნილი სითხეებისა).
საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში 1 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო სხვა შემთხვევაში − 30 კალენდარული დღის განმავლობაში
გადასახდელებისაგან აგრეთვე გათავისუფლებულია 18 წლის და მეტი ასაკის ფიზიკური პირის (მგზავრის) მიერ შემოტანილი არაეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი შემდეგი აქციზური საქონელი:
200 ღერი სიგარეტი ან 50 სიგარა ან 50 სიგარილა ან წვის პროცესის გარეშე, ორთქლის მისაღებად გამოსაყენებელი 200 ღერი თამბაქოს ნაწარმი ან თამბაქოს შემცველობით 10 ცალი კაფსულა და მსგავსი სახის პროდუქტი ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმი (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან ზემოაღნიშნული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრები, რომელთა ჯამი არ აღემატება 100%-ს, ან 50 მლ ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის განკუთვნილი სითხეები.
ჯამურად 1 ლიტრი 22% და 22%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობის ალკოჰოლიანი სასმელი ან 80% და 80%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობის არადენატურირებული ეთილის სპირტი ან 2 ლიტრი 22%-ზე ნაკლები ალკოჰოლის შემცველობის ალკოჰოლიანი სასმელი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული ალკოჰოლიანი სასმელის (გარდა ლუდისა და ღვინისა) სახეობათა ნაკრები, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის ალკოჰოლიანი სასმელის (გარდა ლუდისა და ღვინისა) წილის პროცენტულ მაჩვენებელთა ჯამი 100-ს არ აღემატება, ან 4 ლიტრი ღვინო და 16 ლიტრი ლუდი.
შენიშვნა:
ზემოაღნიშნული გათავისუფლებების გამოყენებისათვის, დამატებით უნდა შესრულდეს შემდეგი პირობები (გარდა საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის შემთხვევისა):
– საქონლის შემოტანა (იმპორტი) უნდა ხორციელდებოდეს საჰაერო ტრანსპორტის შემთხვევაში 1 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო სხვა შემთხვევაში − 30 კალენდარული დღის განმავლობაში;
– საქონელი უნდა გადაიზიდებოდეს მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით.
გადასახდელებისაგან გათავისუფლებულია და ექვემდებარება დეკლარირებას ფიზიკური პირის მიერ, არაეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი შემდეგი სახის საქონლის შემოტანა:
უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ შემოტანილი 15 000 ლარამდე ღირებულების საქონელი (სატრანსპორტო საშუალების, აქციზური საქონლისა და კვების პროდუქტების გარდა), ხოლო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირისათვის – დამატებით მის მიერ პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის (ოჯახზე თითო სატრანსპორტო საშუალების, მაცივრის, კომპიუტერისა და ტელევიზორის) იმპორტი;
საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას (რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით) შემოტანილი საქონელი (მათ შორის, ავეჯი, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელი, ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალება);
ნაღდი ფული (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკების ან/და სხვა ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში, თუ მათი ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.
დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი:
- ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონელი (ღირებულებისა და რაოდენობის მიუხედავად);
- არაეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონელი, რომლის რაოდენობა ან/და ღირებულება არ შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ შეღავათებს;
- იარაღი ან ასაფეთქებელი მასალა; ნარკოტიკული ან ფსიქოტროპიული ნივთიერება; ანტიკვარული ან ხელოვნების ნიმუში; მომწამვლელი ნივთიერება ან მედიკამენტი; მცენარე და ცხოველი (მათი ნაწილები ან მათგან მიღებული პროდუქცია); მაღალი სიხშირის რადიოელექტრონული მოწყობილობა ან კავშირგაბმულობის საშუალება; რადიოაქტიური მასალა. (მოცემულ საქონელზე მოითხოვება შესაბამისი სერტიფიკატი ან/და ნებართვა)
გადასახდელებისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ, შემდეგი საქონლის საქართველოდან გატანა:
საქართველოდან ყველა სახის და ნებისმიერი ოდენობის საქონლის გატანა ექსპორტი გათავისუფლებულია გადასახდელებისგან.
ამასთან, საქართველოდან შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტისათვის დადგენილია მომსახურების ტარიფი შემდეგი მოცულობით:
- შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის (შავი ლითონის წარმოების ნარჩენის, ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობისა და შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებული შავი ლითონის ჯართის გარდა) ექსპორტისათვის – 160 ლარის ოდენობით 1 ტონაზე;
- შავი ლითონის წარმოების ნარჩენის ექსპორტისათვის – 40 ლარის ოდენობით 1 ტონაზე;
- ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის ექსპორტისათვის – 50 ლარის ოდენობით 1 ტონაზე;
- შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებული შავი ლითონის ჯართის ექსპორტისათვის – 10 ლარის ოდენობით 1 ტონაზე.
გადასახდელებისაგან გათავისუფლებულია და ექვემდებარება დეკლარირებას ფიზიკური პირის მიერ, შემდეგი საქონლის საქართველოდან გატანა:
- ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონელი (ღირებულებისა და რაოდენობის მიუხედავად);
- ნაღდი ფული (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკების ან/და სხვა ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში, თუ მათი ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.
- ისეთი საქონლის ექსპორტი, რომელიც ექვემდებარება ლიცენზირებას ან/და ნებართვას ან/და სერტიფიცირებას ან/და სხვა არასატარიფო ღონისძიებას,
-
- ერევანი-ბათუმი-ერევანი და ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის სწრაფ სამგზავრო მატარებელში 3000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონელი.
- Tax Free სერვისით სარგებლობის შემთხვევაში
დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის საქართველოს საზღვარზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადაადგილება იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-131, მე-14, 25-ე და 26-ე ნაწილებით განსაზღვრული შემთხვევების შესაბამისად. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, საქმე გადაეცემა შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.