თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი



თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი არის კონტროლის ზონა, სადაც შესაძლებელია რეალიზებულ იქნეს უცხოური საქონელი სატარიფო და არასატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე და აგრეთვე საქართველოს საქონელი.
 საქონლის გაყიდვა ხორციელდება: საზღვარზე მდებარე პუნქტიდან ან/და საერთაშორისო რეისის განმახორციელებელ საჰაერო ხომალდიდან ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ტოვებენ საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიას, აგრეთვე ქვეყნის შიგნით მდებარე პუნქტიდან უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების სამსახურებრივი სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური მისიების წევრებზე (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის საცალო წესით.

 თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობა ხორციელდება შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.

 თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში საქონლის შეტანისას წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზია/ნებართვა. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში შესაძლებელია რეალიზებულ იქნეს ნებისმიერი საქონელი, გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული საქონლისა. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში შენახული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

 თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობისათვის ნებართვა გაიცემა –ერთჯერადად – ნებართვის მაძიებლის მოთხოვნის შესაბამისად – 5 ან 5-ზე მეტი წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს 50 წლისა. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად შემოსავლების სამსახურს წარუდგენს წერილობით განცხადებას. განცხადებას თან უნდა ერთოდეს: „

სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი საქმიანობისათვის დადგენილი ოდენობის სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

თავისუფალი ვაჭრობის პუნქტისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან არანაკლებ ნებართვის მოქმედების ვადით დადებული სარგებლობის ექსკლუზიური უფლების (იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი და სხვ.) დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელშეკრულების მხარის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

თავისუფალი ვაჭრობის პუნქტისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების, მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმა (ნახაზი) (ქაღალდზე ამობეჭდილი ან ელექტრონული) ან/და ასაშენებელი შენობა-ნაგებობების პროექტი შესაბამისი განმარტებებით,რომლებითაც დასტურდება, რომ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი მდებარეობს ან იქნება კონტროლის ზონაში;შემოსავლების სამსახურისათვის მისაღები გარანტია (50 000 ევროს ექვივალენტი ლარში).გარანტიის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს ერთ კალენდარულ წელზე ნაკლები, ამასთან, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა გარანტიით უნდა იყოს უზრუნველყოფილი საქმიანობის მთელი ვადის განმავლობაში. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია საქმიანობის დაწყებამდე ნებართვის გამცემს წარუდგინოს შემოსავლების სამსახურისათვის მისაღები გარანტია.

წერილობით დადასტურებული ვალდებულება, რომ კონტროლის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ნებართვის მფლობელი უზრუნველყოფს თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში სახელმწიფო კონტროლის პროცედურებისათვის აუცილებელი სათავსის, მოწყობილობებისა და კავშირგაბმულობის საშუალებების საგადასახადო ორგანოსათვის უსასყიდლოდ გამოყოფასა და ნებართვის მოქმედების ვადაში მათ ფუნქციონირებას;

ინფორმაცია კონტროლის ზონაში (სავაჭრო დარბაზების გარდა, ობიექტის სხვა მონაკვეთებზე) დაშვებულ პირთა (თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მომუშავე პერსონალი) შესახებ, რომელშიც აისახება: პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირი – სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი; საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის სერია და ნომერი, აგრეთვე პირადი ნომერი); იმ ფიზიკურ პირთა საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის სერია და ნომერი, აგრეთვე პირადი ნომერი, ხელმოწერის ნიმუში), რომლის მიერ დადასტურდება აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში წარდგენა;

წერილობით დადასტურებული ვალდებულება, რომ პუნქტში გაიყიდება მხოლოდ ის საქონელი, რომლის საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა ან საქართველოს ტერიტორიაზე გაყიდვა არ არის აკრძალული;

ქვეყნის შიგნით არსებული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის შემთხვევაში დოკუმენტი ობიექტის შესასვლელისა და გასასვლელის გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით აღჭურვის შესახებ, რომლითაც დაფიქსირდება კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი (სანომრე ნიშანი);

პუნქტში რომელშიც ხდება ნებისმიერი მასალისაგან ხელით შესრულებული ტილოს, სურათის, ნახატის (ნახაზისა და ხელით შემკული სამრეწველო ნაწარმის გარდა) და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშის, ასევე, ნებისმიერი მასალისაგან შესრულებული ქანდაკების ორიგინალური ნაწარმოების რეალიზაცია, ობიექტის მესაკუთრესთან გაფორმებული ხელშეკრულება (იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი და სხვ.), რომელიც ანიჭებს ნებართვის მაძიებელს უფლებას, გაყიდოს საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ობიექტში ექსკლუზიურად.

წერილობით დადასტურებული ვალდებულება, რომ ნებართვის მოქმედების პერიოდში საქმიანობას განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.