პროცედურები

 

საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის წესი ვრცელდება საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმზე (ადამიანის გარდა), რომელიც შესაძლებელია წარმოადგენდეს გენმოდიფიცირებულს.

ცოცხალი ორგანიზმი – ნებისმიერი ბიოლოგიური წარმონაქმნი, რომელსაც აქვს გამრავლების ან/და გენეტიკური მასალის გადაცემის უნარი, მათ შორის, სტერილური ორგანიზმი, ვირუსი, ვიროიდი;

გენმოდიფიცირებული ორგანიზმის საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით შემოტანის შემთხვევაში, საბაჟო გამშვებ პუქტს საქონლის თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად სავალდებულოა წარედგინოს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანხმობა (რომელიც ადასტურებს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შესაბამისი ლიცენზიაში აღნიშნული მიზნებისათვის იმპორტის უფლებას). ამასთან აკრძალულია ერთ ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით, საქმიანობის განმახორციელებელი  პირის  ან  იმპორტიორის მიერ ერთი წლის განმავლობაში 5 კილოგრამზე მეტი ერთი და იგივე სახეობის გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი.

ტრანზიტის მიზნით გადაადგილების შემთხვევაში (რაც არ საჭიროებს ლიცენზიას), პასუხისმგებელი პირი (საქონლის მფლობელი, მესაკუთრე ან მათი წარმომადგენელი) ვალდებულია, საბაჟო გამშვებ პუნქტს საქონლის თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად წარუდგინოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილება გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანზიტის განმახორციელებელი პირის განცხადების (შეტყობინების) დაკმაყოფილების შესახებ. ტრანსპორტირების პირობები იხ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბერი №759 დადგენილება.

ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილების საბაჟო კონტროლს ახორციელებს სსიპ შემოსავლების სამსახური სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო ან/და სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურებთან ერთად, შესაბამისი კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ.

 

ნიმუშის აღება

 

ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშის აღების სიხშირე განისაზღვრება რისკის შეფასების საფუძველზე. იმ შემთხვევაში თუ ლაბორატორიული ანალიზის შედეგად გამოვლინდა გენმოდიფიცირებული ორგანიზმი ან/და პროდუქტი, საქონლის მფლობელს შეუძლია მოითხოვოს განმეორებითი ნიმუშის აღება. ნიმუშის აღება ხორციელდება მისი მოთხოვნით და მისი ხარჯით.

             განმეორებითი ნიმუში აიღება:
ა) ორ ეგზემპლარად, ილუქება და ერთი ეგზემპლარი გადაეცემა საქონლის მფლობელს ლაბორატორიული ანალიზისათვის, ხოლო მეორე - რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის სახით სათანადო პირობებში ინახება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში. საქონლის მფლობელის მოთხოვნით, შესაძლებელია ნიმუშის ორივე ეგზემპლარის ერთდროულად გადაცემა ლაბორატორიული ანალიზისათვის.
ბ) ერთ ეგზემპლარად, რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის სახით იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მფლობელის მიერ ნიმუში ლაბორატორიული ანალიზისათვის გაიგზავნება ევროკავშირის ქვეყნებში ევროკომისიის მიერ აღიარებულ რეფერენტულ აკრედიტებულ ლაბორატორიაში.

საქონლის მფლობელს უფლება აქვს, მოითხოვოს აღებული ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის დაჩქარებული წესით ჩატარება თავისი ხარჯით იმ ლაბორატორიაში, რომელსაც აქვს შესაბამისი აკრედიტაცია დაჩქარებული მეთოდით გამოკვლევაზე.

საქონლის ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშის აღება, ხოლო საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ხორბლის შემთხვევაში – აღებული ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზიც ხორციელდება საქონლის მფლობელის ხარჯით.

 

ლაბორატორიების ნუსხა (იხ.დანართი).

აკრძალვები

აკრძალულია ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტი/რეექსპორტი, გარდა ჩაკეტილ სისტემებში გამოყენების მიზნით იმპორტისა. ასევე აკრძალულია საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის საბაზრო ქსელში განთავსება.  აღნიშნული მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

პასუხისმგებლობა

თუ ტრანსსასაზღვრო კონტროლისას აღმოჩნდა, რომ საქონელი წარმოადგენს გენმოდიფიცირებულს, იგი დაექვემდებარება, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით, უკან გაბრუნებას, ან განადგურებას, ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2072 მუხლის თანახმად, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული  მათი  ჩაკეტილ  სისტემაში  გამოყენების  მიზნით იმპორტის შემთხვევისა) ან/და რეექსპორტი – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. ხოლო იურიდიული პირი  ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის   ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან/და ჯარიმით.

 ძირითადი მარეგულირებელი ნორმატიული აქტები (2018 წლის 22 ოქტომბრის მდგომარეობით):

1. საქართველოს კანონი ცოცხალი გენმოდიფიცირებულიორგანიზმების შესახებ

2. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბერი 740 დადგენილება

3. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბერი 759 დადგენილება