ინფორმაციის განახლების თარიღი: 10 დეკემბერი 2018

 

რეექსპორტი

1. რეექსპორტის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა,
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ.

2. როდის არის შესაძლებელი რეექსპორტის განხორციელება?

2.1. როდესაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს პირი საბაჟო გამშვებ პუნქტშივე:

  •  ახორციელებს საქონლის დეკლარირებას რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში, ან
  •  აცხადებს საქონლის მიმართ რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას და ამ ოპერაციის განხორციელებისა და დასრულების მიზნით საქონელს ათავსებს დროებითი შენახვის ადგილზე.

2.2. როდესაც განზრახულია საბაჟო კონტროლის ზონაში განთავსებული საქონლის რეექსპორტი (გარდა ზემოაღნიშნული შემთხვევებისა);
2.3. როდესაც განზრახულია საწყობის, შიდა გადამუშავების, დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის რეექსპორტი;
2.4. როდესაც განზრახულია მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის რეექსპორტი;
2.5. როდესაც პირი საქართველოში არარეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან (გარდა ტრანზიტით გადაადგილებისა) სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისათვის დადგენილ ვადაში წარადგენს გაფორმების ადგილზე;
2.6. როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება, მისი მისაბმელი ან ნახევრად მისაბმელი, ავტობუსი ან მოტოციკლეტი (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) – 90 კალენდარული დღის ვადაში ტოვებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიას;
2.7. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
2.8. როდესაც ხორციელდება დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით ან მოწმობის გაცემით დეკლარირებული საქონლის რეექსპორტი;
2.9. სხვა შემთხვევებში – როდესაც:

  •   დადგინდა, რომ იმპორტში მოქცეულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამ მიზეზით უბრუნდება მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს. ამასთან:

ა) საქონელი არ უნდა იქნეს გამოყენებული და გადამუშავებული საქართველოს ტერიტორიაზე;
ბ) შესაძლებელი უნდა იყოს საგადასახადო ორგანოს მიერ საქონლის იდენტიფიცირება;
გ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონელი გატანილი უნდა იქნეს იმპორტში გაშვების დღიდან 6 თვეში;
დ) სასაქონლო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად უნდა წარედგინოს პირის განცხადება საქონლის დეფექტის არსებობის, რაოდენობის, ხარისხის, შეფუთვისა და აღწერილობის საგარეო – ეკონომიკური გარიგების პირობებთან შეუსაბამობის შესახებ, და მომწოდებლისათვის ან მის მიერ მითითებული სხვა პირისათვის საქონლის დაბრუნებაზე მომწოდებლის თანხმობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი;
ე) ხორციელდება გადახდილი იმპორტის გადასახდელების (გარდა იმ თანხებისა, რომელზედაც გადამხდელს მიღებული აქვს საგადასახადო ჩათვლა) დაბრუნება ან მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლა იმ სასაქონლო ოპერაციისთვის დადგენილი პირობების გათვალისწინებით, რომელშიც მოქცეული იყო საქონელი.

  •  იმპორტში მოქცეულ საქონელს ჩამოერთმევა საქართველოს საქონლის სტატუსი, თუ მისი გაშვების შემდეგ საქონლის იმპორტის საბაჟო დეკლარაცია ცნობილია ბათილად, ან გამოცხადებულია ძალადაკარგულად. ამასთან, საქონლის მიმართ რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების შესახებ საგადასახადო ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, „საქონლის დროებით შენახვის განაცხადის“ წარდგენით უნდა მოხდეს საქონლის დროებით შენახვა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან მის გატანამდე.


3. რა უნდა იცოდეს სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა დამატებით:

5.1. ავარიისა ან დაუძლეველი ძალის მოქმედების დროს, პირმა, რომელიც ვერ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, უნდა აცნობოს (თუ ეს შესაძლებელია) საგადასახადო ორგანოს აღნიშნული გარემოებების შესახებ და იმოქმედოს მისი მითითებების შესაბამისად;
5.2. სატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, საქონლის სხვა სატრანსპორტო საშუალებაში (ან სხვა კონტეინერში) გადატვირთვა შესაძლებელია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის ზედამხედველობით, რომელიც ახორციელებს სატრანსპორტო საშუალების (კონტეინერის) დალუქვას და შესაბამის მონაცემებს აფიქსირებს აღრიცხვის მოწმობაში;
5.3. თუ საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს უახლოეს საგადასახადო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.

4. როგორ ხორციელდება რეექსპორტის დეკლარირება?
6.1. საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის რეექსპორტში დეკლარირების დროს საბაჟო დეკლარაციად ითვლება საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ გაცემული მოწმობა ან ელექტრონული მოწმობა.
6.2. საქონლის რეექსპორტში დეკლარირების დროს (გარდა საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარირებისა), თუ არ არსებობს წინმსწრები სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით განხორციელებული ოპერაცია, ხოლო TIR-წიგნაკით, მოწმობით ან ელექტრონული მოწმობით შემოტანილი საქონლის გადაადგილება ხორციელდება სხვა სატრანსპორტო საშუალებაში სრული ან ნაწილობრივი გადატვირთვის გარეშე, დეკლარაციად ითვლება TIR-წიგნაკი, ან საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული მოწმობა ან ელექტრონული მოწმობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ერთი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება რამდენიმე გამგზავნის მიერ დეკლარირებული საქონელი.

6.5. სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით რეექსპორტი ხორციელდება:

 დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით მოქცეული საქონლის რეექსპორტი ხორციელდება;
 თუ განზრახულია საწყობის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ან საქართველოს საქონლის რეექსპორტი, ან მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის რეექსპორტი;
 საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, რეექსპორტში დეკლარირებული საქონლის სხვა სატრანსპორტო საშუალებაში სრული ან ნაწილობრივი გადატვირთვისას, ან/და იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება რამდენიმე გამგზავნის მიერ რეექსპორტში დეკლარირებული საქონელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საბაჟო გამშვებ პუნქტში ხორციელდება რეექსპორტში დეკლარირება.
6.6. ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის რეექსპორტი – დროებით შემოტანისას დამოწმებული დეკლარაციისა და თანდართული ნუსხის წარდგენით, ხოლო მოწმობით დეკლარირებულისა – საქონლის შემოტანისას გამოწერილი მოწმობის წარდგენით.
6.7. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის გამოყენებით საწყობის ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული, სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის რეექსპორტი ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის გამოყენებით.

6.8.
სააგენტოში საკუთრების უფლების გადაცემაზე გარიგების დოკუმენტის არსებობის დადასტურებისა ან/და საექსპერტო შემოწმების მიზნით წარდგენილი ან/და დროებით დასაწყობებული, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტი ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გამოყენებით.

შენიშვნა:

  •  როდესაც საქონლის რეექსპორტი ხორციელდება სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით (გარდა გეზ-ის ტერიტორიაზე წარდგენილი საქონლისა), დეკლარანტი ვალდებულია, დეკლარაციის წარდგენამდე თვითონ განახორციელოს საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ან სარკინიგზო ვაგონის/კონტეინერის ნიშანდება საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით და შესაბამისი მონაცემები ასახოს დეკლარაციაში, ხოლო მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე – შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (www.rs.ge) გადასახადის გადამხდელის პირადი გვერდის მეშვეობით.
  •  როდესაც რეექსპორტის სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი საბაჟო კონტროლის ღონისძიების შერჩევა, დეკლარანტის სურვილისამებრ, ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, გაფორმების ეკონომიკური ზონა ახდენს მის ტერიტორიაზე წარდგენილი საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ნიშანდებას იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით.
  •  სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტი, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში – მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი, გაფორმების ადგილზე წარდგენამდე, საექსპერტო შემოწმებისათვის უნდა წარედგინოს სააგენტოს, რომელიც ადგენს „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტს (ფორმა 2)“.
  •  „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტის (ფორმა 2)“ შედგენის ვალდებულება არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე:

ა) რომლებიც შემოყვანილია იურიდიული პირის მიერ და რომლებიც არ ყოფილა რეგისტრირებული;
ბ) რომლებსაც წინმსწრები სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას უკვე ჩაუტარდა სავალდებულო საექსპერტო შემოწმება, გარდა დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის რეექსპორტისა.

5. რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის დასრულება
5.1. საქონლის რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის დასრულება დასტურდება:

  •  იმ შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება საწყობის, შიდა გადამუშავების ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციებში მოქცეული საქონლის ან საქართველოს საქონლის რეექსპორტი – სათანადოდ გაფორმებული სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით ან ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით;
  •  იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებული, ფიზიკური პირის ბარგით ან ხელბარგით გადაადგილებული საქონლის ან უცხო ქვეყნის მოქალაქის/რეზიდენტის მიერ საქონლის ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანისას – ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით ან მოწმობით;
  •  სხვა შემთხვევებში – დანიშნულების საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ მოწმობის კონტროლიდან მოხსნით.

5.2. იმ შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან სასაქონლო ოპერაციის ვადის განსაზღვრის ვადით გადაადგილებული, ან ტრანზიტში მოქცეული, ან სხვა სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი, საქართველოში არარეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეექსპორტი, სასაქონლო ოპერაციის დასრულების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელი პირის მიერ საბაჟო გამშვებ პუნქტს წარედგინება სააგენტოს მიერ გაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა.
5.3. იმ შემთხვევაში, როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალების რეექსპორტი ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის გამოყენებით, სასაქონლო ოპერაციის დასრულების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელი პირის მიერ საბაჟო გამშვებ პუნქტს წარედგინება აღნიშნული დეკლარაცია.
5.4. რეექსპორტის სხვა სასაქონლო ოპერაციით შეცვლის შემთხვევაში,
რეექსპორტის დასრულება დასტურდება ახალი სასაქონლო ოპერაციის გამოყენების თაობაზე შესაბამისი დოკუმენტის გაფორმებით.

6. გადასახდელების დაბრუნება/ჩათვლა რეექსპორტისას
6.1. როდესაც იმპორტში მოქცეულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამ მიზეზით, რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებით, უბრუნდება მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს, ხორციელდება გადახდილი იმპორტის გადასახდელების (გარდა იმ თანხებისა, რომელზედაც გადამხდელს მიღებული აქვს საგადასახადო ჩათვლა) დაბრუნება ან მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლა იმ სასაქონლო ოპერაციისთვის დადგენილი პირობების გათვალისწინებით, რომელშიც მოქცეული იყო საქონელი.

6.2. დროებით შემოტანილი, იმპორტის გადასახდელებისგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის დროებითი შემოტანის ვადის გასვლამდე რეექსპორტის შემთხვევაში, დაბრუნებას ან/და მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლას ექვემდებარება სხვაობა მთელ გადახდილ თანხასა (გარდა იმ თანხებისა, რომელზედაც გადამხდელს მიღებული აქვს საგადასახადო ჩათვლა) და საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე კუთვნილ იმპორტის გადასახდელებს შორის.

7. რა ვადებში უნდა მოხდეს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანა?
7.1. საბაჟო დეკლარაციის წარდგენით ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის წარდგენით რეექსპორტში დეკლარირებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტს უნდა წარედგინოს დეკლარაციის/საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის რეგისტრაციიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
7.2. თუ საბაჟო საწყობში დროებით შენახულ, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე განხორციელდა საკუთრების უფლების გადაცემა და მოექცა რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში, ეს სატრანსპორტო საშუალება საბაჟო გამშვებ პუნქტს უნდა წარედგინოს რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევიდან არა უგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში.
7.3. თუ საბაჟო საწყობში დროებით შენახულ, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე განხორციელდა საკუთრების უფლების გადაცემა და მოექცა რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში, ეს სატრანსპორტო საშუალება საბაჟო გამშვებ პუნქტს უნდა წარედგინოს რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევიდან არა უგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში.