ხშირად დასმული კითხვები

დასვით კითხვა

მოგების გადასახადი

რომელ საწარმოზე ვრცელდება მოგების ყოველთვიური გადასახადი?

მოგების ყოველთვიური გადასახადი ვრცელდება რეზიდენტ საწარმოზე და არარეზიდენტ საწარმოზე, რომელიც საქართველოში საქმიანობს  მუდმივი დაწესებულების მეშვეობით.

შენიშვნა:

ორგანიზაციას, რომელიც ეკონომიკური საქმიანობას ეწევა, მოგების ყოველთვიური გადასახადი ეხება 2019 წლის 1 იანვრიდან.

დასვით კითხვა

რომელ საწარმოს არ ეხება მოგების ყოველთვიური გადასახადი?

მოგების ყოველთვიური გადასახადი არ ეხება:

  • კომერციულ ბანკს, საკრედიტო კავშირს, სადაზღვევო ორგანიზაციას, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას და სესხის გამცემ სუბიექტს;
  • ცალკეულ გადასახადის გადამხდელებს სსკ-ის 97-ე მუხლის შესაბამისად.

 

შენიშვნა:

ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის მოგების  გადასახადით დაბეგვრის ობიექტი საქმიანობის ამ ნაწილში განსხვავებულია, კერძოდ, დაბეგვრის ობიექტის ამ საქმიანობის მიხედვით ყოველი საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული ფსონების ჯამი, რომელიც იბეგრება 7%-იანი განაკვეთით.

დასვით კითხვა

რა არის რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი?

რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:

  • განაწილებული მოგება;
  • გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;
  • უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა;
  • წარმომადგენლობითი ხარჯი, რომელიც აღემატება წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის/გაწეული ხარჯის (თუ გაწეული ხარჯი აღემატება მიღებულ შემოსავალს) 1 %-ს.

საწარმოს დაფუძნების კალენდარულ წელს გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯის ზღვრული ოდენობაა მიმდინარე კალენდარული წლის დასრულებამდე გაწეული ხარჯის 1%.

დასვით კითხვა

რა არის ორგანიზაციის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი?

ორგანიზაციის, რომელიც ეკონომიკური საქმიანობას ეწევა, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:

- გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც არ არის დაკავშირებული  ეკონომიკურ საქმიანობასთან ან/და არ გამომდინარეობს ამ ორგანიზაციის საქმიანობის მიზნიდან (მათ შორის, არ არის დაკავშირებული საქველმოქმედო საქმიანობასთან ან არ გამომდინარეობს გრანტის ხელშეკრულების მიზნიდან);

- უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა, თუ ეს არ გამომდინარეობს ამ ორგანიზაციის საქმიანობის მიზნიდან;

- წარმომადგენლობითი ხარჯი, რომელიც აღემატება წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის/გაწეული ხარჯის (თუ გაწეული ხარჯი აღემატება მიღებულ შემოსავალს) 1 %-ს.

დასვით კითხვა

რამდენს შეადგენს მოგების გადასახადის განაკვეთი და როგორ იანგარიშება მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა?

მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი. მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა მიიღება დაბეგვრის ობიექტის მიხედვით განხორციელებული განაცემის/გაწეული ხარჯის ოდენობის 0.85-ზე გაყოფის შედეგად.

მოგების გადასახადი იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

დაბეგვრის ობიექტი

  • ---------------------------------- X15%
  •  0.85         
დასვით კითხვა

როგორ განისაზღვრება მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი არაფულადი ფორმით გადახდების/განაცემების განხორციელებისას?

გადახდების/განაცემების არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, ხოლოთუ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი დამატებული ღირებულების გადასახადს მოიცავს − საბაზრო ფასით, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე.

დასვით კითხვა

როდის იბეგრება გაწეული ხარჯი ან განხორციელებული განაცემი?

ხარჯების გაწევის და სხვა გადახდების/განაცემების განხორციელების მომენტად ითვლება მათი ფაქტობრივად გაწევის/განხორციელების მომენტი. შესაბამისად, ასეთი დაბეგვრის ობიექტები მოგების გადასახადით იბეგრება იმ საანგარიშო თვეში, როცა დადგა მათი ფაქტობრივი გაწევის/განხორციელების მომენტი.

დასვით კითხვა

რა ვადაში ხდება დეკლარაციის წარდგენა და გადასახადის გადახდა?

საწარმო მოგების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს ყოველთვიურად არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხდის მოგების გადასახადს.

დასვით კითხვა

რა არის განაწილებული მოგება?

განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

დასვით კითხვა

რა ითვლება მოგების განაწილებად?

მოგების განაწილებად ითვლება:

  •  საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (გარდა იმ პირისა, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება მოგების განაწილებისას)  განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე;
  •  კონტროლირებული ოპერაციის განხორციელება, თუ ამ ოპერაციის დადგენილი პირობები არ შეესაბამება საბაზრო პრინციპს;
  • საწარმოს მიერ საშემოსავლო გადასახადისაგან/მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ პირთან განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან.
დასვით კითხვა

რა არ ითვლება განაწილებულ მოგებად?

განაწილებულ მოგებად არ ითვლება დივიდენდის განაწილება ცალკეულ შემთხვევებში. მათ, შორის:

  • სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაზე, კომანდიტურ საზოგადოებაზე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაზე, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივზე დივიდენდის განაწილება, გარდა იმ შემთხვისა, როდესაც დივიდენდის განაწილება ხდება მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ პირზე და კომერციულ ბანკზე, საკრედიტო კავშირზე, სადაზღვევო ორგანიზაციაზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე და სესხის გამცემ სუბიექტზე;

 

შენიშვნა:

მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ პირად ჩაითვლება პირი:

  • რომელიც შექმნილია ან რომელსაც მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი მოგების გადასახადისგან გათავისუფლების მიზნით (მაგალითად: თიზ–ის საწარმო, საერთაშორისო ფინანსური კომპანია, სპეციალური სავაჭრო კომპანია, ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტი, მაღალმთიანი დასახლების საწარმო,  სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივი, ვირტუალური ზონის იურიდიული პირი);
  • რომელიც ახორციელებს მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ სანებართვო საქმიანობას (მაგალითად: აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატის სალონის, ტოტალიზატორის მომწყობი პირი (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მომწყობი პირისა)).

 

  • საწარმოს მიერ უცხოური საწარმოსგან (გარდა შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისა) მიღებული დივიდენდის განაწილება.

 

  •  

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნად ითვლება ქვეყანა ან/და ქვეყნის ცალკეული ტერიტორიები, რომლის/რომელთა საგადასახადო კანონმდებლობით:

  • იურიდიული პირი თავისუფლდება მოგების გადასახადისგან;
  •  იურიდიული პირის მიერ მიღებულ ან/და განაწილებულ მოგებაზე დაწესებული არ არის მოგების გადასახადი ან მოგების გადასახადის განაკვეთი საქართველოში არსებული მოგების გადასახადის განაკვეთის 1/3-ს არ აღემატება.

 

იმ ქვეყნების ან/და ქვეყნების ცალკეული ტერიტორიების ჩამონათვალი, რომლებიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნად ითვლება განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 29.12.2016 წ. N615 დადგენილებით. 

დასვით კითხვა

როგორ იბეგრება 2017 წლამდე მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილება?

  • თუ რეზიდენტი საწარმო დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს განაწილებული მოგების მიხედვით გადასახდელი თანხისა;
  •  ჩასათვლელი თანხა გამოიანგარიშება ფორმულით − A×B / (C-D), სადაც:  A არის დივიდენდის სახით გასანაწილებელი თანხის ოდენობა; B არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა; C არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა; D არის 2008 წლის 1 იანვრიდან  2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისთვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება.
დასვით კითხვა

იბეგრება თუ ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული ოპერაცია?

საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (გარდა იმ პირისა, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება მოგების განაწილებისას) ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს:

- გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს;

- გარიგების შედეგად გაწეულ ხარჯსა და გარიგების საბაზრო ფასს შორის სხვაობას, თუ გარიგების შედეგად გაწეული ხარჯი აღემატება გარიგების საბაზრო ფასს.

დასვით კითხვა

რა ტიპის ხარჯები იბეგრება მოგების გადასახადით?

ცალკეულ შემთხვევებში საწარმოს მიერ გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა იბეგრება მოგების გადასახადით. მათ, შორის:

  • ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;
  • ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება;
  • მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისაგან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სტატუსის მქონე პირის მიერ საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი საერთო წესით იბეგრება ან საქონლის მიწოდებისას/შეძენისას გამოწერილია სასაქონლო ზედნადები/საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დოკუმენტი;
  • შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისათვის, აგრეთვე მოგების გადასახადისაგან  გათავისუფლებული პირისათვის ავანსის გადახდა;
  • და სხვა.
დასვით კითხვა

რა შემთხვევაში იბეგრება საწარმოს მიერ სესხის გაცემა?

მოგების გადასახადით იბეგრება:

  •  ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა);
  •  შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირზე, აგრეთვე მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ პირზე (გარდა სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსი და საქართველოს ეროვნული ბანკისა) სესხის გაცემა.

 

აღნიშნული არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა დასესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

დასვით კითხვა

რა წესით ხდება საწარმოს მიერ უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხზე მოგების გადასახადის ჩათვლა?

თუ უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხის თანხის დაბრუნება განხორციელდა სესხის გაცემისგან განსხვავებულ პერიოდში, საწარმოს უფლება აქვს, ჩაითვალოს მოგების გადასახადის თანხა, სესხის გაცემის საანგარიშო პერიოდში არსებული კურსის შესაბამისად.

დასვით კითხვა

რა შემთხვევაში არ იბეგრება მოგების გადასახადით უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან ფულადი სახსრების გადაცემა?

მოგების გადასახადით არ იბეგრება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ან/და ფულადი სახსრების გადაცემის ცალკეული შემთხვევები. მათ შორის:

  • კალენდარული წლის განმავლობაში საქველმოქმედო ორგანიზაციაზე გაცემული შემოწირულება, რომელიც მის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული წმინდა მოგების 10 პროცენტს არ აღემატება;
  • უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან ფულადი სახსრების გადაცემა, რომელიც დაბეგრილია გადახდის წყაროსთან;
  • სახელმწიფოსათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის უსასყიდლოდ საქონლის  მიწოდება, მომსახურების  გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
დასვით კითხვა

რა არის არარეზიდენტი საწარმოს, რომელიც საქართველოში საქმიანობას მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ახორციელებს, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი?

  • არარეზიდენტი საწარმოს, რომელიც საქართველოში საქმიანობას მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ახორციელებს, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მისი მუდმივი დაწესებულების საქმიანობიდან გამომდინარე, ამ არარეზიდენტი საწარმოს ან  მუდმივი დაწესებულების მიერ განხორციელებული განაცემი/გაწეული ხარჯი, რომელიც გათვალისწინებულია სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით.
დასვით კითხვა

რა ითვლება მუდმივი დაწესებულებისთვის განაწილებულ მოგებად?

არარეზიდენტი საწარმოს მუდმივი დაწესებულებისათვის განაწილებულ მოგებად ითვლება ამ მუდმივი დაწესებულების საქმიანობის შედეგად მიღებული მოგებიდან არარეზიდენტი საწარმოსათვის ფულადი ან არაფულადი ფორმით განხორციელებული განაცემი (არარეზიდენტი საწარმოს მიერ მისი მუდმივი დაწესებულებისთვის მიკუთვნებული მოგების გატანა). მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლებოდა მიეღო, როგორც იმავე ან ანალოგიური საქმიანობით დაკავებულ, იმავე ან ანალოგიურ პირობებში მყოფ დამოუკიდებელ საწარმოს.

დასვით კითხვა

რომელ საწარმოზე ვრცელდება საგადასახადო შეღავათი მოგების გადასახადში?

მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულია ცალკეულ შემთხვევებში მიღებული მოგების განაწილება/გაწეული ხარჯი/განხორციელებული განაცემი. მათ შორის:

  • თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები;
  • 2023 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები;
  • მაღალმთიანი დასახლების საწარმოს მიერ ამავე მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები – შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით);
  • და სხვა.

 

დასვით კითხვა

Close