ინფორმაციის განახლების თარიღი: 26 მარტი 2012

იარაღის ბრუნვა


სამხედრო-საბრძოლო იარაღის ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი, შიდა გადამუშავება, გარე გადამუშავება, დროებითი შემოტანა ან/და გატანა და აგრეთვე იარაღისა და საბრძოლო მასალის ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი   ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე;
სამოქალაქო იარაღის, იარაღის ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.
შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანა და საქართველოში შემოტანა ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე;
უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოში შეიძინოს იარაღი ან/და საქართველოში შეძენილი იარაღი საქართველოდან გაიტანოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ შესაბამისი სახელმწიფოს შუამდგომლობის საფუძველზე გაცემული ნებართვით;
უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოში შემოიტანოს სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე აღნიშნული იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა (მაგრამ არა უმეტეს 500 ერთეული ვაზნისა), თუ არსებობს შესაბამისი კონტრაქტი (ხელშეკრულება) ნადირობაზე ან სპორტულ ღონისძიებაზე მოწვევა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ნებართვა, ხოლო ექსპონირებაზე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნებართვა. შემოტანილი იარაღი საქართველოდან გატანილი უნდა იქნეს იმ ვადებში, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისად კონტრაქტით (ხელშეკრულებით) ან მოწვევით;
უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტით განსაზღვრული რეესტრით გათვალისწინებულ სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ნებართვით, რის შესახებაც ეცნობება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

ძირითადი მარეგურილებელი ნორმატიული აქტები:
  • საქართველოს კანონი „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“
  • საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“
  • საქართველოს პრეზიდენტის  2000 წლის 15 ივლისის  N 304 ბრძანებულება -„საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ნუსხის შესახებ“
  • საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 26 აგვისტოს N 481  ბრძანება -   „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გასაცემი სალიცენზიო და სანებართვო მოწმობის ფორმების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე „
  •  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 დეკემბერის N1371 ბრძანება - „იარაღის რეგისტრაციის მოწმობის,  სანებართვო მოწმობების ფორმების, ნასამართლობის შესახებ ცნობის ბლანკის, აგრეთვე მათი გამოყენებისა და აღრიცხვა–ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“
  • საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 9 მარტის  N 95 ბრძანებულება - „უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან სტუმართა ვიზიტის დროს მათი თანმხლები პირების მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ“