ხშირად დასმული კითხვები

დასვით კითხვა

ფიქსირებული გადასახადი

ვინ შეიძლება იყოს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი?

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული, რომელიც არ არის დღგ-ის გადამხდელი და ახორციელებს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ ერთ ან ერთზე მეტ საქმიანობას.

დასვით კითხვა

რომელი საქმიანობები მიეკუთვნება ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობებს და რა განაკვეთია დადგენილი ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობისთვის?

  • თონეში წარმოებული/საწარმოებელი (ნახევარფაბრიკატი) საქონლის მიწოდების ან/და თონეთი გაწეული მომსახურების შემთხვევაში ერთ თონეზე კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის განაკვეთი შეადგენს 50 ლარს;
  • თმის შეჭრის, შესწორების, დაწყობის (მათ შორის, თმის დაგრძელების), შეღებვის, დახვევის, გასწორების, გაპარსვის, წვერის შესწორების, მაკიაჟის (მათ შორის, წამწამების დაგრძელების), მასაჟის (სამედიცინო მასაჟის გარდა), წარბების კორექციის, ეპილაციის (ლაზერული ეპილაციის გარდა), დეპილაციის, კოსმეტოლოგის მომსახურების შემთხვევაში ერთ სამუშაო ადგილზე (სკამი/მაგიდა/სავარძელი) კალენდარული თვის განმავლობაში შეადგენს 50 ლარს;
  • მანიკიურის და პედიკიურის (მათ შორის, ფრჩხილების დაგრძელების) მომსახურების შემთხვევაში ერთ სამუშაო ადგილზე (სკამი/მაგიდა) კალენდარული თვის განმავლობაში შეადგენს 30 ლარს;
  • სოლარიუმის მომსახურების შემთხვევაში - ერთ სამუშაო ადგილზე (სოლარიუმის კაბინა) კალენდარული თვის განმავლობაში 70 ლარი;
  • ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი, მათ შორის, სალტეების, საბურავების აღდგენა და რეგენერაცია, აღნიშნული მომსახურებისათვის განკუთვნილ ფართობზე გაწეული სხვა მომსახურება (ხალიჩების რეცხვა) – 1 ავტომობილის მომსახურებისათვის განკუთვნილი სამუშაო ადგილი –100 ლარი;

იმ შემთხვევაში, თუ ერთმნიშვნელოვნად ვერ დგინდება, რამდენი ავტომობილის მომსახურებისათვისაა განკუთვნილი სამუშაო ადგილი – ყოველ 40 კვ.მ-ის ფარგლებში ფართობზე – 100 ლარი.

დასვით კითხვა

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭების პროცედურა და ვადა

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით გადასახადის გადამხდელი განცხადებით მიმართავს საგადასახადო ორგანოს სანგარიშო წლის ნებისმიერ თვეს. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საქმიანობის ის სახე, რომელზეც გავრცელდება ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის რეჟიმი და ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის მისამართი. საგადასახადო ორგანო განიხილავს განცხადებას და თუ პირი აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, გონივრულ ვადაში გასცემს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სერტიფიკატს.

პირი ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონედ და, შესაბამისად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად ითვლება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭების თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

დასვით კითხვა

რა ვადაში და რა პერიოდულობით ხდება ფიქსირებული გადასახადის გადახდა?

ფიქსირებული გადასახადის საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე. ფიქსირებული გადასახადის გადახდა ხორციელდება საანგარიშო თვის დაწყებამდე, გადახდის მომენტისათის არსებული განაკვეთის შესაბამისად.

მაგალითი 1

ინდივიდუალურ მეწარმეს, რომელიც ახორციელებს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას, სურს გადავიდეს ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის რეჟიმზე. ამასთან, პირი არ არის დღგ-ის გადამხდელი.

2019 წლის 19 მარტს მეწარმემ განცხადებით მიმართა საგადასახადო ორგანოს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის მოთხოვნით. საგადასახადო ორგანომ განიხილა პირის განცხადება და 2019 წლის 22 მარტს პირს მიანიჭა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი.

მოცემულ შემთხვევაში, პირი ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად ითვლება 2019 წლის 1 აპრილიდან, ხოლო ფიქსირებული გადასახადი გადახდილი უნდა იქნეს 2019 წლის 1 აპრილამდე.

დასვით კითხვა

როგორ ხდება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისათვის ფიქსირებული გადასახადის დარიცხვა?

პირის განცხადება ფიქსირებულ გადასახადზე გადასვლის თაობაზე წარმოადგენს გაანგარიშებას და მასში მითითებული დაბეგვრის ობიექტის და რაოდენობის მიხედვით ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭების თვის მომდევნო თვიდან პირს ერიცხება კუთვნილი ფიქსირებული გადასახადი.

დასვით კითხვა

ევალება თუ არა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ორგანოში საშემოსავლო/მოგების გადასახადის შესახებ დეკლარაციის წარდგენა და მიმდინარე გადასახდელების გადახდა?

ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის პერიოდში ფიქსირებული გადასახდის გადამხდელ პირი აღნიშნული საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალზე საგადასახადო ორგანოს არ წარუდგენს საშემოსავლო/მოგების გადასახადის შესახებ დეკლარაციას. ამასთან, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიქსირებული გადასახადის მიხედვით არ იხდის მიმდინარე გადასახდელებს.

დასვით კითხვა

ვალდებულია თუ არა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოიყენოს საკონტროლო-სალარო აპარატი?

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი თავისუფლდება ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ნაწილში საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან.

დასვით კითხვა

რა ვალდებულებები წარმოეშვება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ პირს პირველად საგადასახადო დოკუმენტებთან დაკავშირებით?

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ვალდებულია პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გამოწერისას დოკუმენტში მიუთითოს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის შესახებ და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სერტიფიკატის ნომერი.

დასვით კითხვა

აქვს თუ არა პირს უფლება ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის გარდა დამატებით განახორციელოს სხვა საქმიანობა?

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რაც არ არის კანონით აკრძალული, გარდა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის მიერ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული საქონლის/მომსახურების გამოყენებისა მის მიერ სხვა რეჟიმით დასაბეგრ საქმიანობაში.

 

მაგალითი 2

საწარმოს, რომელიც ეწევა სარესტორნო მომსახურებას, გააჩნია საკუთარი თონე, რომლის საშუალებითაც ხორციელდება პურის გამოცხობა. საწარმო ახდენს ამგვარი წესით გამოცხობილი პურის როგორც ცალკე საქონლის მიწოდებას (რეალიზაციას), ისე იყენებს სარესტორნო მომსახურების გაწევაში და მისი ფასი ჩართულია კლიენტისათვის გაწეული მომსახურების საბოლოო ღირებულებაში.

საწარმომ განცხადებით მიმართა საგადასახადო ორგანოს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭების მიზნით. ვინაიდან საწარმო ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებულ საქონელს იყენებს მის მიერ სხვა რეჟიმით დასაბეგრ საქმიანობაში, მას არ მიენიჭება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი.

დასვით კითხვა

შესაძლებელია თუ არა პირს მიენიჭოს მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსი საქმიანობის იმ სახეებზე, რომელიც იბეგრება ფიქსირებული გადასახადით?

საქართველოს მთავრობის მიერ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის განსაზღვრის შემდეგ აღნიშნული საქმიანობ(ებ)ის განმახორცილებელ პირებზე არ გაიცემა მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსი. ამასთან, ამ პერიოდამდე მინიჭებული მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსები ძალაში რჩება.

დასვით კითხვა

შესაძლებელია, თუ არა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ პირს დამატებითი საქმიანობის ნაწილში მიენიჭოს მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსი?

თუ ფიზიკური პირი, დამატებით ახორციელებს სხვა საქმიანობას და აკმაყოფილებს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, უფლება აქვს ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის რეჟიმთან ერთად დამატებით განხორციელებული საქმიანობის ნაწილში ისარგებლოს სპეციალური დაბეგვრის სხვა რეჟიმით (მიკრო ან მცირე ბიზნესის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმებით). ამასთან, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით განხორციელებული საქმიანობის ნაწილში მიკრო ან მცირე ბიზნესის სტატუსის მიღების შემთხვევაში მიკრო/მცირე ბიზნესისათვის დადგენილი წლიური ერთობლივი შემოსავლის ზღვრული ოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინება ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი.

მაგალითი 3

ფიზიკური პირი ახორციელებს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას და დამატებით ეწევა სარემონტო მომსახურებას. პირს სურს მიიღოს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი ძირითად საქმიანობაზე, ხოლო დამატებით განხორციელებული საქმიანობის ნაწილში ისარგებლოს მცირე ბიზნესის სტატუსით. პირი არ არის დღგ-ის გადამხდელი.

ასეთ შემთხვევაში პირმა განცხადებით უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს ფიქსირებულ გადასახადზე გადასვლის მოთხოვნით და დამატებით განხორციელებული (სარემონტო მომსახურება) საქმიანობის ნაწილში მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამასთან, ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი გათვალისწინებული იქნება მცირე ბიზნესის მიერ მიღებული ერთობლივი შემოსავლის ზღვარის (500 000 ლარის) დათვლაში.

დასვით კითხვა

ევალება თუ არა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელს გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება?

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი არ თავისუფლდება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების ვალდებულებისაგან. შესაბამისად, საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების ვალდებულების წარმოშობისას, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელს ევალება შეასრულოს საგადასახადო აგენტის ვალდებულება.

დასვით კითხვა

შესაძლებელია თუ არა ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერება?

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერების პერიოდში პირს არ დაერიცხება ფიქსირებული გადასახადი.  ამასთან, საქმიანობის განახლების შემთხვევაში პირი ვალდებულია აცნობოს საგადასახადო ორგანოს და გადაიხადოს საქმიანობის განახლების თვის ფიქსირებული გადასახადი სრულად.

დასვით კითხვა

სარგებლობს თუ არა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსით საშემოსავლო და მოგების გადასახადში გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათებით?

ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრისას საშემოსავლო და მოგების გადასახადებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათები არ გაითვალისწინება.

დასვით კითხვა

რა პროცედურებია განსახორციელებელი ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის სახის, მისამართის ან ობიექტის რაოდენობის ცვლილების შემთხვევაში?

ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის მისამართის შეცვლის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი ვალდებულია ცვლილებებამდე აცნობოს საგადასახადო ორგანოს. ასეთ შემთხვევაში გადამხდელზე გაიცემა ახალი სერტიფიკატი, ხოლო ძველი სერტიფიკატი ექვემდებარება საგადასახადო ორგანოსათვის დაბრუნებას.

თუ იცვლება დასაბეგრი საქმიანობის სახე ან ობიექტების რაოდენობა, პირზე გაიცემა ახალი სერტიფიკატი, ხოლო ძველი სერტიფიკატი ექვემდებარება დაბრუნებას. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ ხდება საქმიანობის სახის დამატება ან/და სხვა მისამართზე ობიექტის დამატება, ძველი სერტიფიკატი ძალაში რჩება და ახალ საქმიანობაზე/ობიექტზე გაიცემა ახალი სერტიფიკატი.

დასვით კითხვა

რა რეგულაციებია დაწესებული ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისგან ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ფარგლებში შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეულ ხარჯებთან მიმართებაში?

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისგან ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ფარგლებში შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი, ასევე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირის მიერ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობასა და დამატებით განხორციელებულ საქმიანობას შორის გაუმიჯნავი ხარჯები ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება.

ამასთან, იმ საწარმოებისთვის, რომლებიც მოგების გადასახადით იბეგრებიან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისაგან ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ფარგლებში შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი იბეგრება მოგების გადასახადით.

დასვით კითხვა

რა შემთხვევაში უქმდება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი?

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი უქმდება, თუ:

  • პირი წყვეტს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას;
  • პირი ახორციელებს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისთვის ნებადართული დამატებითი საქმიანობისგან განსხვავებულ საქმიანობას;
  • ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისთვის ნებადართული დამატებითი საქმიანობის ნაწილში პირს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება ან ნებაყოფლობით გატარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაში.

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების ერთ-ერთი პირობის  დადგომისას პირი ვალდებულია ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების მიზნით განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს შესაბამისი პირობის დადგომიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

დასვით კითხვა

Close