|
ხშირად დასმული კითხვები
|
დასვით კითხვა
|
მცირე ბიზნესი
რა არის მცირე ბიზნესი?
მცირე ბიზნესი არის: მეწარმე ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის სპეციალური რეჟიმი. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ საშემოსავლო გადასახადის გადახდა, მის მიერ განხორციელებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებიდან განხორციელდება.
დასვით კითხვა
ვის შეიძლება მიენიჭოს მცირე ბიზნესის სტატუსი?
მცირე ბიზნესის სტატუსი შესაძლებელია მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის ვალდებულება.
დასვით კითხვა
როგორ ხდება მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება?
თუ ფიზიკური პირი არ არის რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ და აპირებს სამეწარმეო საქმიანობის დაწყებას:
- ვალდებულია დარეგისტრირდეს ინდივიდუალურ მეწარმედ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში;
- რეგისტრაციის შემდეგ, მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით, ფიზიკური პირი უფლებამოსილია, განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
თუ ფიზიკური პირს სურს სამეცნიერო ან სახელოვნებო საქმიანობის განხორციელება, იგი მიმართავს საგადასახადო ორგანოს:
- საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით;
- მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით.
თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, იგი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით;
თუ ფიზიკური პირი ეწევა სამეცნიერო ან სახელოვნებო საქმიანობას და საგადასახადო ორგანოში იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე, იგი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით.
მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების თაობაზე, ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულმა ფიზიკურმა პირმა შესაძლებელია ასევე მიმართოს კომერციულ ბანკს.
დასვით კითხვა
მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების პროცედურა და ვადა
მცირე ბიზნესის სტატუსი პირს ენიჭება საგადასახადო ორგანოსთვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებით მიმართვის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და პირი სტატუსის მქონედ ითვლება აღნიშნული თარიღიდან.
მაგალითი 1:
ფიზიკური პირი, რომელიც რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, ახორციელებს სურსათით საცალო ვაჭრობას. აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში, მის მიერ 2018 და 2019 წლების განმავლობაში მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა თითოეული წლის მიხედვით შეადგინა 600 000 ლარი. ამავე პირმა მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, საგადასახადო ორგანოს განცხადებით მიმართა 2020 წლის 10 მარტს.
მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ პირის მიერ 2018 და 2019 წლების განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავალი თითოეული წლის მიხედვით აღემატება 500 000 ლარს, აღნიშნული ფაქტორი არ განიხილება მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების შემზღუდველ პირობად. ამასთან, ვაჭრობა საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, არ წარმოადგენს მცირე ბიზნესისთვის აკრძალულ საქმიანობას. აქედან გამომდინარე, პირი აკმაყოფილებს მცირე ბიზნესის სტატუსის მოთხოვნებს. შესაბამისად, საგადასახადო ორგანო მას ანიჭებს მცირე ბიზნესის სტატუსს და გადასცემს სტატუსის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
ფიზიკური პირი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონედ ჩაითვლება 2020 წლის 1 აპრილიდან. მის მიერ 1 აპრილიდან მიღებული შემოსავალი ექვემდებარება დაბეგვრას სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით.
დასვით კითხვა
რა შემთხვევაში შეიძლება უარი ეთქვას ფიზიკურ პირს მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებაზე?
ფიზიკურ პირს მცირე ბიზნესის სტატუსი არ მიენიჭება, თუ იგი:
- არ წარმოადგენს მეწარმე ფიზიკურ პირს;
- ახორციელებს მცირე ბიზნესისათვის აკრძალულ საქმიანობას;
- ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რაზეც საქართველოს მთავრობის დადგენილებით, განსაზღვრულია ფიქსირებული გადასახადი. მას სტატუსი არ მიენიჭება მხოლოდ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ნაწილში.
დასვით კითხვა
რომელი საქმიანობების განხორციელებაა მცირე ბიზნესისათვის აკრძალული?
- საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნებართვას, გარდა საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის საქმიანობისა;
ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის წესს და ლიცენზიისა და ნებართვის სახეების ამომწურავ ჩამონათვალს განსაზღვრავს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი. ამავე კანონით განისაზღვრება ლიცენზიებისა და ნებართვის გაცემის, მათ შორის საქმიანობის ან ქმედების ლიცენზიით ან ნებართვით სახელმწიფო რეგულირების განხორციელების პრინციპები, ასევე ცალკეული შემთხვევები, რომელთა არსებობისას არ ვრცელდება ამ კანონის მოქმედება.
თუ პირის მიერ განხორციელებული საქმიანობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ საჭიროებს რაიმე სახის ლიცენზიას/ნებართვას, არ არსებობს ასეთი საქმიანობის მცირე ბიზნესისთვის აკრძალული საქმიანობად მიჩნევის საფუძველი.
ამასთან, მცირე ბიზნესის სტატუსის ქონა პირს არ ათავისუფლებს შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის ვალდებულებისაგან.
- საქმიანობები, რომელთა განხორციელება მოითხოვს მნიშვნელოვან ინვესტიციას (აქციზური საქონლის წარმოება);
- სავალუტო ოპერაციების განხორციელება;
- სამედიცინო საქმიანობა - სამედიცინო საქმიანობა (სამედიცინო მომსახურება) არის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებასთან, გაუმჯობესებასთან და აღდგენასთან (ფსიქიკურ, სოციალურ, სამედიცინო და ფიზიკურ რეაბილიტაციასთან), პალიატიურ მზრუნველობასთან, პაციენტის სამედიცინო მოვლასთან, პროთეზირებასთან, პაციენტის სამედიცინო ტრანსპორტირებასთან, პაციენტის სამედიცინო განათლებასთან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზასთან, სასამართლო-ფსიქიატრიულ ექსპერტიზასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებთან და სამედიცინო დაწესებულებებში გაწეულ, სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებულ თანმხლებ მომსახურებასთან და ხორციელდება დადგენილი წესით;
- არქიტექტურული საქმიანობა - არქიტექტურული საქმიანობა მოიცავს მაგ. არქიტექტურულ საკონსულტაციო საქმინობებს, როგორიცაა შენობების დაპროექტება და ნახაზების შედგენა, ქალაქების დაგეგმვა და ლანდშაპტური არქიტექტურა;
- საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა - სააუდიტო და საგადასახადო კონსულტანტთა საქმიანობა მოიცავს:
- ბიზნესის ან სხვა პირების კომერციული გარიგების რეგისტრაციას საფინანსო ანგარიშების მომზადებას ან აუდიტს;
- ანგარიშების შემოწმებას და მათი სისწორის დადასტურებას (სერტიფიცირებას);
- საგადასახადო დეკლარაციების შედგენას ფიზიკური პირებისათვის ან საწარმოებისათვის;
- საკონსულტაციო საქმიანობებს და კლიენტების სახელით წარმომადგენლობას საგადასახადო ორგანოების წინაშე.
- სათამაშო ბიზნესი;
- პერსონალით უზრუნველყოფა;
- აქციზური საქონლის წარმოება.
დასვით კითხვა
რომელ საქმიანობებზეა განსაზღვრული ფიქსირებული გადასახადი?
- თონეში წარმოებული/საწარმოებელი (ნახევარფაბრიკატი) საქონლის მიწოდება ან/და თონეთი გაწეული მომსახურება;
- თმის შეჭრის, შესწორების, დაწყობის (მათ შორის, თმის დაგრძელების), შეღებვის, დახვევის, გასწორების, გაპარსვის, წვერის შესწორების, მაკიაჟის (მათ შორის, წამწამების დაგრძელების), მასაჟის (სამედიცინო მასაჟის გარდა), წარბების კორექციის, ეპილაციის (ლაზერული ეპილაციის გარდა), დეპილაციის, კოსმეტოლოგის მომსახურება;
- მანიკიურის და პედიკიურის (მათ შორის, ფრჩხილების დაგრძელების) მომსახურება;
- სოლარიუმის მომსახურება;
- ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი, მათ შორის, სალტეების, საბურავების აღდგენა და რეგენერაცია, აღნიშნული მომსახურებისათვის განკუთვნილ ფართობზე გაწეული სხვა მომსახურება (ხალიჩების რეცხვა).
დასვით კითხვა
თუ მეწარმე ფიზიკური პირი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად, შეუძლია თუ არა მიიღოს მცირე ბიზნესის სტატუსი?
- დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით.
დასვით კითხვა
რისგან შედგება და რა განაკვეთით იბეგრება მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი?
- მცირე ბიზნესისათვის დადგენილი რეჟიმით დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოს წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან.
- მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით.
- მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა დასაბეგრმა შემოსავალმა კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს გადააჭარბა (გადაჭარბების თვის დასაწყისიდან იმავე კალენდარული წლის ბოლომდე).
დასვით კითხვა
რა სახის შემოსავლები არ გაითვალისწინება მცირე ბიზნესის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავლის 500 000-ლარიანი ზღვარის გაანგარიშებისას?
-
მცირე ბიზნესის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავლის 500 000-ლარიანი ზღვარის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება მცირე ბიზნესის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შემოსავლის სახეები, რომელიც არ იბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საერთო წესით.
მაგალითი 2:
ფიზიკურ პირს, რომელიც რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭა 2018 წლის 1 აგვისტოდან. მის მიერ სტატუსის მინიჭებამდე მიღებული შემოსავალი შეადგენს 600 000 ლარს, მათ შორის ვაჭრობიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს 550 000 ლარს, ხოლო ქონების იჯარით გაცემიდან მიღებული შემოსავალი - 50 000 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში, პირის მიერ სტატუსის მინიჭებამდე მიღებული შემოსავალი (600 000 ლარი) ექვემდებარება საერთო წესით დაბეგვრას. შესაბამისად, პირი ვალდებულია არასრული საგადასახადო პერიოდისათვის (2018 წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე) საგადასახადო დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს არაუგვიანეს 2019 წლის 1 აპრილისა.
ამასთან, პირის მიერ მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე პერიოდში, მცირე ბიზნესისათვის დადგენილი რეჟიმით დასაბეგრი შემოსავალი (550 000 ლარი) გაითვალისწინება 3%-იანი განაკვეთის განსაზღვრის მიზნებისთვის კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავლის 500 000-ლარიანი ზღვარის გაანგარიშებისას. შესაბამისად, პირის მიერ სტატუსის მინიჭების შემდგომ პერიოდში მიღებული შემოსავალი დაექვემდებარება ყოველთვიურ დაბეგვრას მცირე ბიზნესისთვის დადგენილი 3%-იანი განაკვეთით.
მაგალითი 3:
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ, საქართველოში, ვაჭრობიდან მიღებულმა დასაბეგრმა შემოსავალმა 2019 წლის 20 ოქტომბერს გადააჭარბა 500 000 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ, 2019 წლის 1 იანვრიდან, ამავე წლის 30 სექტემბრის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება 1%-იანი განაკვეთით. ხოლო, 1 ოქტომბრიდან კალენდარული წლის დასრულებამდე მიღებული შემოსავალი - 3%-იანი განაკვეთით. ამასთან, 2020 წლის 1 იანვრიდან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება 1%-ით 500 000-ლარიანი ზღვარის ფარგლებში.
დასვით კითხვა
რა სახის საქმიანობას შეიძლება ახორციელებდეს დამატებით მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი?
-
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი, სპეციალური რეჟიმით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის გარდა, დამატებით, შესაძლებელია იღებდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემოსავლებს. ასეთი შემოსავლის სახეები არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ ითვლება მცირე ბიზნესის განხორციელების ფარგლებში მიღებულ შემოსავალში. ამასთან, ასეთი ტიპის შემოსავლები საშემოსავლო გადასახადით იბეგრება საერთო წესით.
ასეთი შემოსავლებია:
- ქონების იჯარით/უძრავი ქონების ქირით გაცემა;
- სესხის გაცემიდან მიღებული შემოსავალი;
- სათამაშო ბიზნესიდან მიღებული მოგებები;
- ჩუქება;
- ნამეტი შემოსავალი, რომელიც მიღებულია უძრავი ქონების, ავტოსატრანსპორტო საშუალების ან ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით;
- მემკვიდრეობით მიღებული ქონების სახით მიღებული შემოსავალი;
- დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი;
- პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი;
- როიალტის სახით მიღებული შემოსავალი;
- ვალის პატიებით მიღებული შემოსავალი;
- პარტნიორის წილის რეალიზაციით მიღებული ნამეტი.
დასვით კითხვა
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ საგადასახადო აგენტისათვის გაწეული მომსახურება ექვემდებარება თუ არა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას?
ევალება თუ არა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირს გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება?
- მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ, კალენდარული წლის განმავლობაში ჯამურად გადახდილი 6 000 ლარამდე ხელფასი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება, თუ:
ა) პირი ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა და მას მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭა იმავე კალენდარული წლის განმავლობაში;
ბ) მის მიერ, წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აჭარბებს 50 000 ლარს;
- სხვა შემთხვევაში, მიღებული მომსახურების ანაზღაურებისას, ან ხელფასის გაცემისას, (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვალდებულების არსებობისას) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს ევალება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება.
მაგალითი 4:
ფიზიკურ პირს მცირე ბიზნესის სტატუსი მინიჭებული აქვს 2017 წლიდან. მის მიერ 2018 წლის განმავლობაში მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 45 000 ლარი. 2019 წლის 27 იანვარს დაქირავებულ თანამშრობლებზე გასცა ხელფასი - 4000 ლარი. დაქირავებულებზე გაცემული ხელფასი უკავშირდება მცირე ბიზნესისათვის დადგენილი რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებულ საქმიანობას.
მოცემულ შემთხვევაში, პირი მცირე ბიზნესის სტატუსით სარგებლობს 2018 წლის განმავლობაში და ამავე დროს მის მიერ, ამ პერიოდში მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 50 000 ლარს, მას 2019 წლის იანვარში, 6000 ლარამდე გაცემულ ხელფასზე, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების ვალდებულება არ წარმოეშობა.
დასვით კითხვა
რა წესით და რა ვადაში ხდება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ ანგარიშგება და საშემოსავლო გადასახადის გადახდა?
სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული შემოსავლის ნაწილში საშემოსავლო გადასახადი გადაიხდევინება ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. ამავე ვადაში ხორციელდება საგადასახადო ორგანოში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის წარდგენა.
ამასთან, თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი დამატებით ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი წესით, საქმიანობის ამ ნაწილში იგი ვალდებულია საანგარიშო წლის მომდევნო 1 აპრილამდე წარადგინოს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია.
მაგალითი 5:
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი ახორციელებს ვაჭრობას. ამასთან, მან 2019 წელს გაყიდა უძრავი ქონება (კომერციული ფართი) 120 000 ლარად, რომელიც წინა წელს შეძენილი ჰქონდა 90 000 ლარად.
მოცემულ შემთხვევაში, მის მიერ, ვაჭრობიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას, რის თაობაზეც იგი განახორციელებს ყოველთვიურ ანგარიშგებას მცირე ბიზნესისათვის დადგენილი წესით.
ქონების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია, როგორც ჩვეულებრივი რეჟიმით დასაბეგრი შემოსავალი. ამასთან, ასეთი ტიპის შემოსავალი, მცირე ბიზნესის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 500 000-ლარიანი ზღვარის განსაზღვრისას, არ გაითვალისწინება. ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი 30 000 ლარი (120 000-90 000) დაიბეგრება 20%-იანი განაკვეთით. საქმიანობის ამ ნაწილში, პირი, 2020 წლის 1 აპრილამდე წარადგენს საშემოსავლო გადასახადის 2019 წლის წლიურ დეკლარაციას.
დასვით კითხვა
თუ ფიზიკურ პირს 2018 წლის ივლისამდე უკვე მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი, როგორ ახდენს ანგარიშგებას?
თუ ფიზიკურ პირს 2018 წლის ივლისამდე უკვე მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და არ აქვს სტატუსის გაუქმების შესახებ მოთხოვნა წარდგენილი საგადასახადო ორგანოში, იგი აგრძელებს მცირე ბიზნესის სტატუსით საქმიანობას.
მის მიერ 2018 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე მიღებული შემოსავალი დაიბეგრება 1 ივლისამდე მოქმედი წესითა და განაკვეთით. პირი ამ პერიოდზე საგადასახადო დეკლარაციას საგადასახადო ორგანოში წარადგენს არაუგვიანეს 2019 წლის 1 აპრილისა.
2018 წლის ივლისიდან იგი საქმიანობას განახორციელებს ახალი დაბეგვრის წესის შესაბამისად.
დასვით კითხვა
აქვს თუ არა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება?
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი ვალდებულია საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას, შესაბამისი მონაცემები აღრიცხოს საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით, მათ, შორის იმ შემთხვევაშიც თუ იგი ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე.
დასვით კითხვა
აქვს თუ არა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულება?
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი ვალდებულია საქონლის ტრანსპორტირებისას ან/და მიწოდებისას საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოიყენოს სასაქონლო ზედნადები.
დასვით კითხვა
რა ფორმით უნდა მოახდინოს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურმა პირმა აღრიცხვა?
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი ვალდებულია სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვა აწარმოოს სპეციალურ ჟურნალში, რომელიც დამტკიცებულია „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წ. N999 ბრძანებით.
დასვით კითხვა
რა მეთოდით უნდა მოახდინოს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურმა პირმა აღრიცხვა?
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურმა პირმა აღრიცხვის მიზნით, შესაძლებელია გამოიყენოს საკასო ან დარიცხვის მეთოდი. ამასთან, თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად, იგი აღრიცხვას განახორციელებს დარიცხვის მეთოდით.
დასვით კითხვა
როგორ გამოიანგარიშება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით დასაბეგრი შემოსავალი?
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი, სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებულ დასაბეგრ შემოსავალს იანგარიშებს დღგ-ის გარეშე. კერძოდ, თუ საკომპენსაციო თანხა შეადგენს 11 800 ლარს (დღგ-ის ჩათვლით), მცირე ბიზნესის გადასახადი გამოიანგარიშება 10 000 ლარიდან.
დასვით კითხვა
სარგებლობს თუ არა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი საშემოსავლო გადასახადში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლით დადგენილი საგადასახადო შეღავათებით?
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი უფლებამოსილია ისარგებლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლით საშემოსავლო გადასახადში დადგენილი საგადასახადო შეღავათებით. ამასთან, თუ აღნიშნული შეღავათი სრულად ვერ იქნა გამოიყენებული სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული შემოსავლის ნაწილში, იგი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დამატებით განხორციელებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის (რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი წესით) ნაწილში.
მაგალითი 6:
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი ახორციელებს სურსათის საცალო ვაჭრობას. ამ საქმიანობის ნაწილში, 2019 წლის თებერვალში მიღებულმა დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა 470 000 ლარი. იგი ასევე ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, საიდანაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა, ამავე თვეში, შეადგინა 50 000 ლარი.
მოცემულ შემთხვევაში, პირის მიერ, საქართველოში, ვაჭრობიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას.
სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული შემოსავალი არ არის განსაზღვრული საქართველოს მთავრობის დადგენილებით, როგორც შემოსავალი, რომელიც არ ითვლება მცირე ბიზნესის განხორციელების ფარგლებში მიღებულ ერთობლივ შემოსავალში, შესაბამისად, იგი გაითვალისწინება მცირე ბიზნესისათვის დადგენილი 500 000-ლარიანი ზღვარის გაანგარიშებისას.
შესაბამისად, პირის მიერ, 2019 წლის თებერვალში მიღებული ერთობლივი შემოსავალი, რაც მცირე ბიზნესისათვის დადგენილი 500 000-ლარიანი ზღვარის გაანგარიშებისას გაითვალისწინება, შეადგენს 520 000 ლარს (470 000+50 000).
ფიზიკური პირის მიერ, საქართველოში, ვაჭრობიდან მიღებული შემოსავალი - 470 000 ლარი, ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას მცირე ბიზნესისთვის დადგენილი 3%-იანი განაკვეთი, რის თაობაზეც, არაუგვიანეს 2019 წლის 15 მარტისა, პირი საგადასახადო ორგანოში წარადგენს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციას და გადაიხდის კუთვნილ გადასახადს. ხოლო, სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებულ შემოსავალზე, პირი ისარგებლებს საგადასახადო შეღავათით, ვინაიდან ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება.
დასვით კითხვა
რა შემთხვევაში და რა ვადაში უქმდება მცირე ბიზნესის სტატუსი?
- მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება კალენდარული წლის მომდევნო წლის დასაწყისიდან, თუ:
- ფიზიკურმა პირმა მიმართა საგადასახადო ორგანოს მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით კალენდარული წლის დასრულებამდე;
- ფიზიკური პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა ზედიზედ, 2 კალენდარული წლის მონაცემების მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში გადააჭარბა 500 000 ლარს;
ამასთან, თუ ფიზიკური პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა, 2 კალენდარული წლის მონაცემების მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში გადააჭარბა 500 000 ლარს, მაგრამ იგი მცირე ბიზნესის სტატუსით სარგებლობდა მხოლოდ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში, აღნიშნული არ ჩაითვლება მისთვის სტატუსის გაუქმების საფუძვლად.
მაგალითი 7:
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურმა პირმა 2019 წლის 15 სექტემბერს მიმართა საგადასახადო ორგანოს და მოითხოვა სტატუსის გაუქმება.
მოცემულ შემთხვევაში, მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად ჩაითვლება 2020 წლის დასაწყისიდან. შესაბამისად, 2019 წლის ბოლომდე მის მიერ მიღებული შემოსავალი ექვემდებარება დაბეგვრას მცირე ბიზნესისათვის დადგენილი სპეციალური რეჟიმით. ხოლო 2020 წლიდან მიღებული შემოსავლები ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საერთო წესით.
- თუ, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურმა პირმა განახორციელა მცირე ბიზნესისათვის აკრძალული საქმიანობა
თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი განახორციელებს მცირე ბიზნესისთვის აკრძალულ საქმიანობას, მას სტატუსი უუქმდება მიმდინარე კალენდარული წლის დასაწყისიდან.
მაგალითი 8:
2019 წელს საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებული მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ მცირე ბიზნესისთვის აკრძალული საქმიანობის განხორციელების ფაქტი.
მოცემულ შემთხვევაში, პირს მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად ჩაეთვლება 2019 წლის დასაწყისიდან და მის მიერ 2019 წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი დაიბეგრება საერთო წესით, რის თაობაზეც იგი 2020 წლის 1 აპრილამდე წარადგენს საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციას. ამასთან, მის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების საფუძველზე განხორციელებული დარიცხვები დაექვემდებარება გაუქმებას.
- თუ, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი კალენდარული წლის განმავლობაში 3-ჯერ დაჯარიმდა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის
თუ, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი კალენდარული წლის განმავლობაში არანაკლებ 3-ჯერ დაჯარიმდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის, მას სტატუსი გაუუქმდება მიმდინარე კალენდარული წლის დასაწყისიდან.
მაგალითი 9:
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირს 2020 წლის 15 სექტემბერს საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის დაეკისრა მესამე ჯარიმა. მას საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს შესაბამისი საანგარიშო პერიოდის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები.
მოცემულ შემთხვევაში, პირს მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად ჩაეთვლება 2020 წლის დასაწყისიდან, ყოველთვიური დეკლარაციების საფუძველზე განხორციელებული დარიცხვები დაექვემდებარება გაუქმებას.
ამასთან, პირს შესაბამისი ვადების მიხედვით დაერიცხება მიმდინარე გადასახდელები 2019 წლის წლიური გადასახადის მიხედვით.
ფიზიკურ პირს საგადასახადო ორგანოსათვის განცხადებით მომართვის საფუძველზე, შესაძლებელია ხელახლა მიენიჭოს მცირე ბიზნესის სტატუსი 2021 წლიდან.
დასვით კითხვა
|