ხშირად დასმული კითხვები

დასვით კითხვა

ფიზიკური პირის ქონების გადასახადი

ვინ არის ქონების გადასახადის გადამხდელი?

ქონების გადასახადის გადამხდელნი არიან რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირები, რომელთაც აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დასაბეგრი ქონება.

დასვით კითხვა

რა არის ფიზიკური პირისთვის ქონების გადასახადით დასაბეგრი?

ფიზიკური პირისათვის ქონების, გარდა მიწისა, გადასახადით დასაბეგრია:

ა) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათი ნაწილი), იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრული მსუბუქი ავტომობილები; 

ბ)  არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონება;

გ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივები, დაუმონტაჟებელ მოწყობილობები, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონება

ფიზიკური პირისათვის მიწაზე ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით: 

ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწა; 

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწა, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი; 

გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებული, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთი,  გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

 
დასვით კითხვა

რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ფიზიკური პირი ქონების გადასახადის გადამხდელი?

ფიზიკური პირი (მათ შორის მეწარმე ფიზიკური პირი) ქონების გადასახადის გადამხდელია:
• თუ საქართველოს ტერიტორიაზე დასაბეგრი ქონების მფლობელია და ამ პირის ოჯახის  წინა წლის  შემოსავლები აღემატება 40 000 ლარს. 
• თუ  საქართველოს ტერიტორიაზე გააჩნია დასაბეგრი მიწა, მიუხედავად შემოსავლების ოდენობის.

დასვით კითხვა

ფიზიკური პირის ოჯახის წევრებში ვინ იგულისხმებიან?

ფიზიკური პირის ოჯახის წევრებში იგულისხმება თვითონ პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. გადასახადის გადამხდელი თავად უპირობოდ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს (ზემოაღნიშნულ პირთაგან), რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ და საერთო მეურნეობას ეწევიან.

დასვით კითხვა

როგორ იბეგრება ფიზიკური პირის ქონება?

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: 

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა. 

 
დასვით კითხვა

რა სახის შემოსავალი უნდა შეიტანოს ფიზიკური პირის ოჯახმა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით ქონების გადასახადის დეკლარირების დროს?

ფიზიკური პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი,  მათ შორის, სარგებელი საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად, კერძოდ: 

ა) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისთვის − ეკონომიკური საქმიანობით მიღებული, სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი  შემოსავლის მხოლოდ 25%, ხოლო სხვა შემოსავალი − სრული ოდენობით; 

ბ) ნებისმიერი შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან;

გ) დარიცხული ხელფასი.

აღნიშნულ შემოსავლებში არ შეიტანება:

  •  ოჯახის წევრებისაგან მემკვიდრეობით, ჩუქებით ან განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება;

 •  ფიზიკური პირის მიერ (მათ შორის, I რიგის მემკვიდრის მიერ ჯამურად თავისი და მამკვიდრებლის) 2 წელზე მეტი ვადით მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციით მიღებული შემოსავალი

  •  ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონების თავდაპირველი რეალიზაციით მიღებული შემოსავალი; 

  •  ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი; 

  •  ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტების შესაბამისად საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან განთავისუფლებული შემოსავალი;  

 

დასვით კითხვა

როგორ განისაზღვრება საქართველოს მოქალაქე არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემოსავლები?

საქართველოს მოქალაქე არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემოსავლები განისაზღვრება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლების მიხედვით.

დასვით კითხვა

ფიზიკურმა პირმა რა ვადაში და სად უნდა წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია?

ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არაუგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში შეტანილია გასული საგადასახადო წლის დასაბეგრი ქონების მონაცემები, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

 

დასვით კითხვა

ფიზიკურმა პირმა რა ვადაში უნდა გადაიხადოს ქონების გადასახადი?

ფიზიკური პირი ქონების გადასახადს იხდის არაუგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

დასვით კითხვა

როგორ გაიანგარიშება ფიზიკური პირის ქონების გადასახადი და ვინ განსაზღვრავს მას?

ფიზიკური პირის ქონების გადასახადს გამოიანგარიშებს საგადასახადო ორგანო წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე. დეკლარაციაში უნდა  იყოს შეტანილი დასაბეგრი ქონების ღირებულება და მიწის ფართობი. 

 

დასვით კითხვა

ვინ უნდა წარადგინოს დეკლარაცია, როცა დასაბეგრი ქონების მესაკუთრე ოჯახის სხვა წევრები არიან?

თუ ოჯახის ორ ან ორზე მეტ წევრს აქვს დასაბეგრი ქონება, მათგან ნებისმიერ სრულწლოვან ფიზიკურ პირს აქვს უფლება, წარადგინოს ქონების გადასახადის ერთიანი (საოჯახო) წლიური დეკლარაცია, რომელშიც აისახება ამ პირის, ასევე, ოჯახის სხვა წევრების დაბეგვრის ობიექტები.
 

დასვით კითხვა

ფიზიკურ პირს რა შემთხვევაში აქვს უფლება, არ წარადგინოს ქონების დეკლარაცია?

ფიზიკურ პირს უფლება აქვს, არ წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია, თუ:

ა) საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეღავათების გათვალისწინებით მას საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა. ამასთანავე, თუ ფიზიკური პირი გასული საგადასახადო წლის მიხედვით იყო ქონების გადასახადის მიხედვით დეკლარანტი, იგი დეკლარაციის არწარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას საგადასახადო ორგანოს აცნობებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 1 ნოემბრისა; 

ბ) საანგარიშო წლის წინა პერიოდის მიხედვით ქონების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილია ან დარიცხულია ქონების გადასახადი საგადასახადო ორგანოს მიერ. წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს პროგრამულად არიცხავს ქონების გადასახადს. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, ხოლო საგადასახადო ორგანომ მას წარუდგინა საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ვალდებულება შესაბამისი პერიოდის მიხედვით ბოლო დეკლარირებულის (დარიცხულის) ტოლია. ამასთანავე, თუ დეკლარირება შემდგომ განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით, იგი ჩაითვლება შესწორებულ დეკლარაციად.

 
დასვით კითხვა

როგორი შეღავათით სარგებლობენ ფიზიკური პირები ქონების გადასახადისას ?

ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია:

ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომელთა ნაყოფიერი ფენაც სანახევროდ ან მეტადაა დაზიანებული სტიქიის შედეგად.

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ტერიტორიებზე არსებული ქონება-დროებით, კონმფლიქტის მოგვარებამდე და  ეკონომიკური სიტუაციის მოწესრიგებამდე

პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული მიწა, რომელიც მდებარეობს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ტერიტორიების მიმდებარედ, რის გამოც პირი ვერ სარგებლობს მოცემული მიწის ნაკვეთით, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ცნობით. 

ფიზიკური პირები, რომლებმაც მიიღეს ახალასათვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, - მიღებიდან 5 წლის განმავლობაში. 

ნასოფლარის ტერიტორიაზე, აგრეთვე განსახლების სახელმწიფო ღონისძიებათა შესაბამისად დასახლებულ მოქალაქეთა ოჯახები ამ ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე - დასახლებიდან 5 წლის განმავლობაში. 

2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. შენიშვნა: აღნიშნული შეღავათი ვრცელდება კომლის წევრის ან პირველი/მეორე რიგის მემკვიდრის მიერ აღნიშნული ქონების ჩუქებით/მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაშიც. 

მეორე მსოფლიო ომის ინვალიდები და მათთან გათანაბრებული პირები პრივატიზების წესით მიღებულ მიწის ნაკვეთებზე. 

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის საკუთრებაში არსებული , ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი.

თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ დადგენილი ფართობის ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებზე მოწეული მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის) და სხვა ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად. მიწაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების საფუძველია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმებით. კომისიის დასკვნა დგება ორჯერ – სტიქიის დამთავრების მომენტიდან 2 კვირის ვადაში და მოსავლის აღების წინ.

შენიშვნა: დადგენილი საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება პირის მიერ იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით სხვა პირისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე (ან მის ნაწილზე) ან/და საწარმოს/ორგანიზაციის მიერ ამავე ფორმით გადაცემულ        შენობა-ნაგებობებზე (ან მათ ნაწილზე). 

 

დასვით კითხვა

ფიზიკურმა პირს რა ფორმით შეუძლია წარადგინოს დეკლარაცია?

გადამხდელს შეუძლია შესაბამის საგადსახადო ორგანოში დეკლარაცია წარადგინოს:

პირადად

მოახდინოს ელექტრონული დეკლარირება შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდის საშუალებით

დეკლარაცია გაგზავნოს დაზღვეული საფოსტო გზავნილით. ასეთ შემთხვევაში დოკუმენტის გადაცემის თარიღად ითვლება დაზღვეული საფოსტო გზავნილის გაგზავნის თარიღი.,

"სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 76-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების საფასური არ ვრცელდება ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციაზე.

 
დასვით კითხვა

შეუძლია თუ არა ფიზიკურ პირს, ისარგებლოს ქონების დეკლარაციის წარდგენის ვადის გახანგრძლივებით?

პირს უფლება აქვს, წერილობით მიმართოს საგადასახადო ორგანოს დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების თაობაზე საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გასვლამდე. ქონების გადასახადის საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადა გრძელდება 3 თვით თუ პირს გადახდილი აქვს დასადეკლარირებელი პერიოდის მიმდინარე გადასახდელები (ან არა აქვს მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულება).  ამასთან, საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელებით არ იცვლება გადასახადის გადახდის ვადა.

დასვით კითხვა

ფიზიკურმა პირმა უნდა აცნობოს თუ არა საგადასახადო ორგანოს, რომ მისი შემოსავალი მცირდება წინა საგადასახადო წელთან შედარებით და აღარ აჭარბებს 40 000 ლარს?

 თუ ფიზიკური პირი გასული საგადასახადო წლის მიხედვით იყო ქონების გადასახადის მიხედვით დეკლარანტი, იგი დეკლარაციის არწარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას საგადასახადო ორგანოს აცნობებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 1 ნოემბრისა.

დასვით კითხვა

რა სანქცია გავრცელდება იმ ფიზიკურ პირზე, რომელმაც საგადასახადო ორგანოს დადგენილ ვადაში არ წარუდგინა ქონების გადასახადის დეკლარაცია?

საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს არ აღემატება, −

იწვევს დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

 საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს აღემატება, −

იწვევს დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

თუ საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია, პირს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება.

დასვით კითხვა

რა სანქცია ვრცელდება იმ ფიზიკურ პირზე, რომელმაც წარადგინა ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია და დადგენილ ვადაში არ გადაიხადა გადასახადი?

თუ კუთვნილი გადასახადის თანხა გადამხდელის მიერ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ არის გადახდილი, პირს დაეკისრება საურავი. საურავი ერიცხება თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. საურავის დარიცხვა ხორციელდება გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან, თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის გადაუხდელი გადასახადის თანხის 0,05 პროცენტის ოდენობით. გადასახადის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში გადასახადის გადახდის დღეც ითვლება ვადაგადაცილებულ დღედ.

დასვით კითხვა

Close