ინფორმაციის განახლების თარიღი: 27 თებერვალი 2019

საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი

 

  საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი არის საქონლის აღწერის განსაზღვრული ფორმის დოკუმენტი, რომლითაც მისი გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქონელი, რომელზეც გაცემულია ეს სერტიფიკატი, წარმოშობილია მოცემული ქვეყნიდან.

საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი შეიძლება იყოს:

  • არაპრეფერენციული წარმოშობის-რომელიც ანიჭებს საქონელს „ეკონომიკურ“ ეროვნებას და არ იძლევა რაიმე სახის სატარიფო უპირატესობას. ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ისეთი სავაჭრო ზომების განხორციელებისათვის, როგორიცაა ანტი-დემპინგური ზომები, რაოდენობრივი შეზღუდვები თუ სატარიფო კვოტები,  ის გამოიყენება სტატისტიკის მიზნებისთვის ან წარმოშობის განსაზღვრისთვის „წარმოშობის მარკირების“ კანონმდებლობის კონტექსტში (ანუ ეტიკეტისთვის “Made in” („დამზადებულია“).
     
  • პრეფერენციული წარმოშობის-რომელიც ადგენს გარკვეულ სატარიფო უპირატესობებს - შემცირებული ან ნულოვანი განაკვეთი საქონლისათვის, რომელიც ვაჭრობის საგანს წარმოადგენს პრეფერენციული ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოთა შორის. აქედან გამომდინარე, არაპრეფერენციული წარმოშობის წესებთან შედარებით, პრეფერენციული წარმოშობის წესები უფრო მკაცრია.


საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას გაიცემა 5 სახის წარმოშობის სერტიფიკატი:

  •  საქონლის შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი;
  •  საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი – ფორმა «A»;
  •  პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი CT-1;
  • ​ პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1.
  • საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული წარმოშობის სერტიფიკატი

 


გამცემი ორგანოები 
საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანის დროს წარმოშობის სერტიფიკატები გაიცემა:

  • სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ;
  • საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ.


შენიშვნა 
შენიშვნა: საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1, საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული წარმოშობის სერტიფიკატი, ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტებზე და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულ საქონელზე საქართველოში წარმოშობის დამადასტურებელი შესაბამისი ფორმის სერტიფიკატი გაიცემა მხოლოდ შემოსავლების სამსახურის მიერ.

 

სერტიფიკატის გაცემისათვის განაცხადი და საჭირო დოკუმენტაცია შემოსავლების სამსახურში  შეიძლება წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით.

 

წარსადგენი დოკუმენტაცია

საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტებია:

  • განცხადება (უნდა შეიცავდეს საქონლის დასა¬ხელებას სასაქონლო კოდის ოთხნიშნა (ფორმა A-ს შემთხვევაში - თერთმეტნიშნა, ჩინეთში ექსპორტისთვის - ექვსნიშნა) დონეზე მითითებით, საქონლის ოდენობას, ექსპორტიორისა და იმპორტიორის დასახელებას, მისამართსა და ქვეყანას);
  • დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერი¬უმების შესახებ, საქართველოს მთავრობის N420 დადგენილების N4 დანართის შესაბამისად;
  • კონტრაქტი;
  • ანგარიშ-ფაქტურა;
  • შესაბამისობის სერტიფიკატი − ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის შემთხვევაში;
  • საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტი, რომელიც უფლებამოსილმა ორგანომ შესაძლებელია მოითხოვოს საქონლის წარმოშობის დადგენის მიზნით.

 

გაითვალისწინეთ

საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ექსპორტიორის განცხადების საფუძველზე გაიცემა წარმოშობის სერტიფიკატის დუბლიკატი. დუბლიკატის მოქმედების ვადა აითვლება ორიგინალი სერტიფიკატის გაცემის თარირიდან. საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა შესაძლებელია ტვირთის ექსპორტირების შემდეგაც (რეტროსპექტიულად). ამ შემთხვევაში, სერტიფიკატის გამცემ ორგანოს დამატებით უნდა წარედგინოს საქონლის ექსპორტის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ., ექსპორტის დეკლარაცია).
 


საქონლის წარმოშობის განსაზღვრის კრიტერიუმები:

საქონლის არაპრეფერენციული წარმოშობის განსაზღვრის კრიტერიუმები დადგენილია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის N420 დადგენილებით. ეს კრიტერიუმებია:

  •  მოცემულ ქვეყანაში მთლიანად წარმოებული საქონლის კრიტერიუმი;
  •  საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) სასაქონლო პოზიციის ცვლილების კრიტერიუმი;
  •  ადვალური (ღირებულებითი) წილის კრიტერიუმი;
  •  აუცილებელი პირობების, საწარმოო და ტექნოლოგიური ოპერაციების კრიტერიუმი.

 

საქონლის პრეფერენციული წარმოშობის განსაზღვრის კრიტერიუმები დადგენილია შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

 

საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის პროცედურა

 

საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის აღება შესაძლებელია:

  • საბაჟო დეპარტამენტის არასატარიფო კონტროლის სამმართველოში (ორხევის დასახლება, აბზიანიძის 4),
  • საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებსა და ქვედანაყოფებში (გეზ „თბილისი“, გეზ „ბათუმი“, გეზ „ფოთი“, გეზ „აეროპორტი“, საქონლის გაფორმების სამმართველოს ქუთაისის, ახალციხის, რუსთავისა და თელავის განყოფილებები, სგპ „ბათუმის პორტი“),
  • ვაკე–საბურთალოს სერვის ცენტრში,
  • ქ. ზუგდიდის სერვის-ცენტრში.


შენიშვნა 
საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა განაცხადის რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა უფასოდ.

საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა წერილობითი ან ელექტრონული განცხადების წარდგენა საბაჟო დეპარტამენტის იმ სტრუქტურულ ერთეულსა ან ქვედანაყოფში, სადაც გსურთ სერტიფიკატის მიღება.
 


საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი CT-1

 

  • გამოიყენება „თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ“ 1994 წლის 15 აპრილის საერთაშორისო შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოთა შორის და, ასევე, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის თავისუფალ ვაჭრობაში.
     
  • საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის დსთ-ქვეყნებში (გარდა რუსეთისა) გატანისას საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი CT-1 გაიცემა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა საბჭოს 2000 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად დსთ-ს 2000 წლის გადაწყვეტილება

 

  • თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით სარგებლობისათვის დამატებითი პირობაა, რომ სავაჭრო გარიგების ორივე მხარე უნდა იყოს შეთანხმების მონაწილე ქვეყნების რეზიდენტები, ისე, როგორც გამგზავნი და მიმღები ქვეყნები.

 

  • ასევე, საქონელი არ უნდა გადაადგილდებოდეს მესამე (შეთანხმების არამონაწილე) ქვეყნის ტერიტორიის გავლით, თუ ასეთი გადაადგილება არ არის განპირობებული გეოგრაფიული ადგილმდებარეობით.


შენიშვნა 
საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, „თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ“ 1994 წლის 15 აპრილის საერთაშორისო შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე წარმოშობილი საქონლის აღნიშნული სახელმწიფოდან იმპორტი თავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან, მიუხედავად საქონლის გადაადგილების მარშრუტისა (ექსპორტიორი ქვეყნის ტერიტორიიდან საქონლის გადაადგილებისას აღნიშნული შეთანხმების არამონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიის გავლის მიუხედავად). 
 

 

 


საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 (გადაადგილების სერტიფიკატი)

EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატი გამოიყენება საქართველოსა და ევროკავშირს შორის,  საქართველოსა და თურქეთს შორის, საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობებში.

 ქართული წარმოშობის საქონლის თურქეთის რესპუბლიკაში ექსპორტისას EUR.1 გაიცემა „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმების II ოქმის შესაბამისად, ქართული წარმოშობის საქონლის ევროკავშირსა და EFTA-ს ქვეყნებში (შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია, ლიხტენშტეინი) ექსპორტისას - „პან-ევრო-ხმელთაშუაზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ“  

რეგიონული კონვენციის შესაბამისად.

 

  • საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული წარმოშობის სერტიფიკატი

 

გამოიყენება საქართველოსა და ჩინეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო ურთიერთობაში, რაც რეგულირდება „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2017 წლის 13 მაისის შეთანხმებით.

 

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის

დანართი I ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სატარიფო განრიგი

დანართი I - საქართველოს სატარიფო განრიგი

დანართი II A - წარმოშობის სპეციფიური წესები

დანართი II B - წარმოშობის სერტიფიკატის ფორმა

 

 

საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი ფორმა «A» 

ფორმა «A» გაიცემა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან განსაზღვრული სახის ქართული წარმოშობის საქონლის „პრეფერენციების გენერალიზებული სისტემის“ – GSP ქვეყნებში (აშშ, კანადა, იაპონია) ექსპორტის დროს პრეფერენციის მომნიჭებელი ქვეყნის დირექტივების შესაბამისად:


საქონლის არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი 

არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა საქონლის ექსპორტისას ყველა იმ ქვეყანაში, სადაც არ მოქმედებს პრეფერენცია, ასევე, შეღავათების მომნიჭებელ ქვეყნებში საქონლის ექსპორტისას, როდესაც პროდუქცია ვერ აკმაყოფილებს პრეფერენციული წარმოშობის კრიტერიუმებს. გარდა ამისა, არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა სხვა ქვეყანაში წარმოშობილი პროდუქციის საქართველოდან ექსპორტის დროსაც.

საქონლის არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესი და არაპრეფერენციული წარმოშობის განსაზღვრის კრიტერიუმები დადგენილია 

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის N420 დადგენილებით