ინფორმაციის განახლების თარიღი: 30 იანვარი 2019

მომსახურების სახეები, რომელთაც გთავაზობთ გაფორმების ეკონომიკური ზონა


როგორ უნდა განვახორციელოთ საქონლის წინასწარი დეკლარირება?
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების საქართველოში შემოსვლამდე (საზღვრის გადმოკვეთამდე ) იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება შესაძლებელია წინასწარ. დეკლარაციის დასარეგისტრირებლად დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია განხორციელდეს:

• ელექტრონულად - ოფისიდან გაუსვლელად, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის www.rs.ge მეშვეობით, გადამხდელის პორტალიდან დოკუმენტების ატვირთვით. მებაჟე-ოფიცერი შეავსებს და დაარეგისტრირებს დეკლარაციას და მის ელექტრონულ ვერსიას დაგიბრუნებთ ვებგვერდის მეშვეობით.
• მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრებში , თბილისში: ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრი კოსტავას გამზირი №68ა; გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრი სარაჯიშვილის ქ. №1; ზუგდიდის სერვისცენტრი ქ. ზუგდიდი, გამარჯვების ქ. №1.
• გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან გაფორმების სხვა ადგილას დოკუმენტების წარდგენით.
• დეკლარაციის დარეგისტრირება შეუძლია ასევე ASYCUDA-ში დაშვების მქონე პირს. (თუ წინასწარი დეკლარირება ხორციელდება იმპორტიორის მიერ შევსებული დეკლარაციით (ანუ დეკლარაცია შევსებულია პროგრამა ASYCUDA-ში იმპორტიორის მიერ), მომსახურების ტარიფები  მცირდება (100, 200, 300 ლარი) და ეს ტარიფები არ ორმაგდება არასამუშაო დროს.) გთხოვთ, გაითვალისწინოთ! წინასწარ (საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე) დეკლარირებული საქონლის სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 45 კალენდარული დღის შემდეგ შემოტანის შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს საქონლის ხელახალი დეკლარირება.) წინასწარი დეკლარირებისას იმპორტის გადასახდელები უნდა გადაიხადოთ საქონლის გაშვებიდან 15 დღეში.


სატრანსპორტო საშუალების მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, საბაჟო გამშვებ პუნქტშივე ხორციელდება რისკების მართვის სისტემის მიერ დერეფნის ფერის შერჩევა. მწვანე  დერეფნის შემთხვევაში, საბაჟო გამშვებ პუნქტში სრულდება საქონლის გაფორმება. ყვითელი დერეფნის შერჩევის შემთხვევაში, საქონლის განთავსება ხორციელდება საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე. წითელი დერეფნის შემთხვევაში, გაფორმების შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით, საქონლის განთავსება ხორციელდება საბაჟო კონტროლის ზონაში.

როგორ უნდა განვახორციელოთ დეკლარირება ოფისიდან გაუსვლელად?
იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევი საქონლის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში წარდგენის შემდეგ, თქვენი სურვილის შემთხვევაში, მებაჟე-ოფიცერი გადმოგიგზავნით თანმხლები დოკუმენტების დასკანერებულ ვერსიას. თქვენი თანხმობის შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტების წარდგენა შეგიძლიათ ელექტრონულად, გადამხდელის პორტალიდან. მებაჟე-ოფიცერი შეავსებს და დაარეგისტრირებს დეკლარაციას, მოგაწვდით ინფორმაციას შერჩეული დერეფნის ფერის და შემდგომ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

რა არის გეზში რიგის დაკავება ელექტრონულად?
თუ ვერ ახერხებთ ელექტრონული დეკლარირებით სარგებლობას, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „თბილისი“ რიგში დგომის თავიდან ასაცილებლად, შეგიძლიათ წინასწარ დაჯავშნოთ რიგის ბილეთი www.rs.ge -ის მეშვეობით. თქვენ რამდენიმე წუთში მიიღებთ ინფორმაციას თქვენი რიგის ბილეთის ნომრისა და მისი გამოძახების სავარაუდო დროის შესახებ. აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია სამუშაო საათების განმავლობაში.

როგორ ხორციელდება „დისტანციური“ დეკლარირება ელექტრონული ხელმოწერით?
ტვირთის გაფორმება შესაძლებელია გაფორმების ნებისმიერი ადგილიდან, ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებით, მიუხედავად ტვირთის ადგილმდებარეობისა, ერთი რეგიონიდან მეორეში ჩასვლის გარეშე.
მაგალითად: თუ ტვირთი მდებარეობს თბილისში, ხოლო თქვენ იმყოფებით ბათუმში, შესაძლებელია ბათუმის გეზ-ში ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებით ტვირთის გაფორმება თბილისში.

როგორ ხორციელდება ტვირთის დათვალიერება იმპორტიორის საწყობში (წითელი დერეფანი)?
ერთმიმღებიანი ტვირთის წითელ დერეფანში მოხვედრისას ტვირთის დათვალიერება შესაძლებელია იმპორტიორის საწყობში.
ტვირთის წითელ დერეფანში მოხვედრისა და დათვალიერების დროის შესახებ გეცნობებათ მოკლე ტექსტური შეტყობინებით.
თქვენს საწყობში გამოცხადდება გაფორმების ოფიცერი, რომელიც დათვალიერების ადგილზე, გეზ-ში მიბრუნების გარეშე, დაასრულებს საქონლის გაფორმებას - დაბეჭდავს და გადმოგცემთ შტრიხკოდიან დეკლარაციას.

დეპოზიტზე თანხის განთავსება
თქვენ შეგიძლიათ, დეპოზიტის სახით, წინასწარ განათავსოთ თანხა შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე და გადამხდელის პორტალიდან, ელექტრონულად წარადგინოთ მომსახურებით სარგებლობაზე განაცხადი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე www.rs.ge შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის (საქონლის გაფორმების კუთხით) ჩამოჭრა განხორციელდება ავტომატურად (მათ შორის წინასწარი დეკლარირების დროსაც).

შესაძლებელია ექსპორტიორის მიერ ლუქების დადება?
ექსპორტის და რეექსპორტის შემთხვევაში ექსპორტიორს შეუძლია თვითონ განახორციელოს ტვირთის დალუქვა, გეზ-ში გამოცხადების გარეშე. ლუქები გაიცემა საბაჟო დეპარტამენტში და უსასყიდლოა.