დროებითი შემოტანა
1. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, უცხოური საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებით იქნეს შემოტანილი.
2. დროებითი შემოტანისას საქონელი სრულად ან ნაწილობრივ თავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისაგან. სრულად გათავისუფლებული საქონლის ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
3. რა დოკუმენტით ხორციელდება საქონლის დროებითი შემოტანა?
3.1. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება შესაძლებელია განხორციელდეს:
- სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით;
- გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით;
- ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით;
- იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებული საქონლის დროებითი შემოტანისას:
ა) ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით – ფიზიკური პირის ბარგით ან ხელბარგით გადაადგილებული საქონლის საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარირებისას;
ბ) მოწმობის გაცემით – უცხო ქვეყნის მოქალაქის/რეზიდენტის მიერ საქონლის ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანისას.
3.2. სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტი, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში – მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი, დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის წარდგენამდე, საექსპერტო შემოწმებისათვის უნდა წარედგინოს სააგენტოს, რომელიც ადგენს „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტს (ფორმა 2)“.
შენიშვნა: „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტის (ფორმა 2)“ შედგენის ვალდებულება არ ვრცელდება ვალდებულება არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე:
- რომელიც შემოყვანილია იურიდიული პირის მიერ და რომელიც რეგისტრირებული არ ყოფილა;
- რომელსაც წინმსწრები სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას სააგენტოს სპეციალისტის მიერ უკვე ჩაუტარდა სავალდებულო საექსპერტო შემოწმება.
4. დამატებით რა დოკუმენტების წარდგენაა საჭირო სასაქონლო დეკლარაციაზე?
4.1. სატრანსპორტო დოკუმენტი:
- საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები (CMR) ან TIR-წიგნაკი;
- საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი;
- საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედნადები;
- სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები;
4.2. საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი:
- საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება ან
- ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) ან
- სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი.
4.3. დროებით შემოტანისას გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი − დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებულ საქონელზე.
4.4. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ნებართვა ან/და ლიცენზია ან/და სერტიფიკატი ან/და სხვა დამატებითი დოკუმენტაცია.
5. ზოგადი დეკლარირების ვადები
5.1. ზოგადი დეკლარირება და შესაბამისად, სათანადო დოკუმენტების წარდგენა ხორციელდება:
- სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა;
- გეზ-ის დანიშნულებით სხვა სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის, კონტეინერით) გადაადგილებული, სეს ესნ 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის შემთხვევაში – გეზ-ში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საქართველოს შსს-ს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვისას, მაგრამ არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა, რომელიც აითვლება აღრიცხვის მოწმობის რეგისტრაციის ან სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით კონტეინერის რეგისტრაციის ან საბაჟო საწყობის მიერ სატრანსპორტო დოკუმენტისა და ნასყიდობის დოკუმენტის საფუძველზე საგადასახადო ორგანოსათვის ინფორმაციის ელექტრონულად მიწოდების მომენტიდან.
5.2. თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ, არასატარიფო ღონისძიებებს დაქვემდებარებულ საქონელზე (საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გარდა) ზოგადი დეკლარირებისათვის განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარდგენილი შესაბამისი ნებართვა/სერტიფიკატი, საბაჟო გამშვები პუნქტის ან გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი ფორმით აცნობებს დეკლარანტს საქონლის განკარგვის განზრახვის თაობაზე და ადგენს ნაკლოვანებების აღმოფხვრის ან საქონლის უკან დაბრუნების ან რეექსპორტის განხორციელების 3 სამუშაო დღის ვადას, ხოლო საზღვაო გზით შემოტანილ საქონელზე – აღნიშნული ვადა ემთხვევა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის ვადას.
5.3. დადგენილ ვადაში დეკლარანტის მიერ ნაკლოვანებათა აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური ახორციელებს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას ან უზრუნველყოფს საქონლის განადგურებას მესაკუთრის ან მფლობელის (მათ შორის, საბაჟო საწყობის) ხარჯით.
6. რა ვადებში უნდა მოხდეს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანა დანიშნულების ადგილზე?
6.1. საბაჟო გამშვები პუნქტიდან დანიშნულების ადგილამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადებია:
- 100 კმ-ზე ერთი დღე, მაგრამ არა უმეტეს 10 კალენდარული დღე;
- სარკინიგზო ტრანსპორტით საქონლის გადაზიდვის შემთხვევაში – მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 10 კალენდარული დღე;
- სპეციალური ანგარიშ-ფაქტურით გადაადგილებული ნავთობპროდუქტების შემთხვევაში – 5 კალენდარული დღე;
- საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში – 60 კალენდარული დღე;
- სეს ესნ-ის 8429 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში − 30 კალენდარული დღე;
- უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ შემოტანილი, უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისი მისაბმელის ან ნახევრად მისაბმელის, ავტობუსის ან მოტოციკლეტის (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) შემთხვევაში – 90 კალენდარულ დღე;
- ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობის ან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ დანიშნულებით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში – 12 საათი.
7. რა უნდა იცოდეს სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა დამატებით:
7.1. ავარიისა ან დაუძლეველი ძალის მოქმედების დროს, პირმა, რომელიც ვერ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, უნდა აცნობოს (თუ ეს შესაძლებელია) საგადასახადო ორგანოს აღნიშნული გარემოებების შესახებ და იმოქმედოს მისი მითითებების შესაბამისად;
7.2. სატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, საქონლის სხვა სატრანსპორტო საშუალებაში (ან სხვა კონტეინერში) გადატვირთვა შესაძლებელია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის ზედამხედველობით, რომელიც ახორციელებს სატრანსპორტო საშუალების (კონტეინერის) დალუქვას და შესაბამის მონაცემებს აფიქსირებს აღრიცხვის მოწმობაში;
7.3. თუ საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს უახლოეს საგადასახადო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.
8. რა ვადით შეიძლება მოექცეს საქონელი დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში?
8.1. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის მოქცევის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შემოსავლების სამსახური ადგენს განსხვავებულ ვადას.
8.2. დროებითი შემოტანის ვადის გასვლამდე (თუ გაგრძელებული არ იქნება დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადა) საქონელი გატანილი უნდა იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ან მის მიმართ უნდა განისაზღვროს სხვა სასაქონლო ოპერაცია.
9. შეიძლება თუ არა საქონლის დროებითი შემოტანის ვადის გაგრძელება და რა პროცედურები ხორციელდება ამისათვის?
9.1. დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს რამდენჯერმე, იმ პირობით, რომ საქონლის დროებითი შემოტანის საერთო ვადა (გაგრძელებული ვადის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს ზღვრულ ვადას (3 წელს ან შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილ განსხვავებულ ვადას).
9.2. საქონლის დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადის გაგრძელების შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს საქონლის ხელახალი დეკლარირება.
10. დასაშვებია თუ არა დროებით შემოტანილი საქონლის გადაცემა სხვა პირის სარგებლობაში?
10.1. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსების მთელ პერიოდში რჩება დეკლარანტის განკარგულებაში.
10.2. საგადასახადო ორგანოს და საქონლის მესაკუთრის თანხმობით, დასაშვებია დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის გადაცემა სხვა პირის სარგებლობაში. ამასთან:
- გადაცემა ხორციელდება საქონლის ახალი მფლობელის მიერ საბაჟო დეკლარაციის წარდგენით, რომელსაც თან ერთვის საქონლის მესაკუთრის წერილობითი თანხმობა;
- დროებითი შემოტანის ვადა განისაზღვრება დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის მოქცევის ზღვრული ვადის ფარგლებში, რომელსაც აკლდება საქონლის დროებით შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში ყოფნის ფაქტობრივი დრო.
11. რა პროცედურები ხორციელდება იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის დროებით შემოტანისას? იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის დროებით შემოტანისას დეკლარანტი:
- ავსებს „დროებით შემოტანისას გადასახდელი თანხის გადახდის განრიგს“, რომლითაც განსაზღვრავს დამატებული ღირებულების გადასახადის ოდენობას (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირისა), იმპორტის გადასახადის ოდენობასა და თანხის გადახდის ვადებს;
- გარანტიის სახით დებს იმპორტის გადასახდელების შესაბამის თანხას (დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის შემთხვევაში დღგ-ის თანხის გარდა), რომელიც გადაიხდევინებოდა დროებითი შემოტანის სასაქონლო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის იმპორტში მოქცევისას.
12. როგორ და რა გადასახადებით იბეგრება იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის დროებითი შემოტანა?
12.1. დამატებული ღირებულების გადასახადით (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირისა), რომელიც შეადგენს დროებითი შემოტანის თანხის 0.54 პროცენტს ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე, მაგრამ არაუმეტეს საქონლის დროებითი შემოტანისას დროებითი შემოტანის თანხის 18 პროცენტისა;
12.2. იმპორტის გადასახადით, რომელიც შეადგენს იმპორტის გადასახადის თანხის 3 პროცენტს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსების ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე.
12.3. განრიგში აღნიშნული თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბოლო გადახდა – საქონლის დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის დასრულების დღეს. დეკლარანტს უფლება აქვს, მთელი გადასახდელი თანხა ერთდროულად გადაიხადოს.
12.4. განრიგი ექვემდებარება გაუქმებას საგადასახადო ორგანოს დასკვნის საფუძველზე, თუ არსებობს ერთი ან რამდენიმე შემდეგი პირობა:
- ხორციელდება საქონლის ხელახალი დეკლარირება დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადის გაგრძელების მიზნით და წარედგინება ახალი განრიგი;
- საგადასახადო ორგანოსა და საქონლის მესაკუთრის თანხმობით, დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი სარგებლობაში გადაეცა სხვა პირს;
- დეკლარანტის მიერ სრულად იფარება განრიგის მიხედვით გადასახდელი თანხა;
- დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაცია დასრულების კანონმდებლობის შესაბამისად;
12.5. განრიგი ექვემდებარება შეცვლას საგადასახადო ორგანოს დასკვნის საფუძველზე, თუ არსებობს ერთი ან რამდენიმე შემდეგი პირობა:
- საქონლის ნაწილი გატანილ იქნა დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადის გასვლამდე;
- საქონლის ნაწილი მოექცა სხვა სასაქონლო ოპერაციაში ან მის მიმართ გამოყენებულ იქნა სხვა სასაქონლო ოპერაცია;
- საქონლის ნაწილი განადგურდა ავარიის ან დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად, რის შესახებაც დეკლარანტმა საგადასახადო ორგანოს წარუდგინა სათანადო მტკიცებულება.
შენიშვნა: დროებით შემოტანილი, იმპორტის გადასახდელებისგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის დროებითი შემოტანის ვადის გასვლამდე რეექსპორტის შემთხვევაში, დაბრუნებას ან/და მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლას ექვემდებარება სხვაობა მთელ გადახდილ თანხასა (გარდა იმ თანხებისა, რომელზედაც გადამხდელს მიღებული აქვს საგადასახადო ჩათვლა) და საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე კუთვნილ იმპორტის გადასახდელებს შორის.
13. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაცია დასრულება
13.1. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაცია დასრულებულად ითვლება, თუ:
- საქონელი გატანილია შესაბამისი პროცედურების დაცვით. ამასთან, საქონელი შეიძლება გატანილ იქნეს ნაწილ-ნაწილ, პარტიების სახით. დასაშვებია საქონელი გატანილ იქნეს ნებისმიერი საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით;
- საქონელი მოექცა სხვა სასაქონლო ოპერაციაში;
- საქონელი განადგურდა ავარიის ან დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად, რის შესახებაც დეკლარანტმა საგადასახადო ორგანოს წარუდგინა სათანადო მტკიცებულება.
13.2. დროებით შემოტანილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის დამადასტურებელ დოკუმენტებს წარმოადგენს სათანადოდ გაფორმებული ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია/სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია ან/და გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაცია ან/და კონტროლიდან მოხსნილი აღრიცხვის მოწმობა.
14. შესაძლებელია თუ არა დროებით შემოტანილი საქონლის შეცვლა?
14.1. დროებით შემოტანილი საქონელი უცვლელად უნდა იქნეს უკან გატანილი ან სხვა სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული, გარდა ექსპლუატაციით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით გამოწვეული ცვლილებებისა.
14.2. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში შეიძლება მოექცეს ასევე ის უცხოური საქონელი, რომლის მიმართაც განსაზღვრული იყო სხვა სასაქონლო ოპერაცია. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში არ დაიშვება შემდეგი საქონლის მოქცევა:
15. რომელი საქონლის დროებითი შემოტან არ დაიშვება? დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში არ დაიშვება შემდეგი საქონლის მოქცევა: იხილეთ დანართი
16. რომელი საქონლის დროებითი შემოტანაა იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებული?
დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებით, შესაძლებელია მოექცეს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი უცხოური საქონელი: იხილეთ დანართი