ინფორმაცია დაკავშირებულია ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან !
 

ინფორმაცია COVID–19 -თან დაკავშირებით ტრანზიტულად გადაადგილებული სატვირთო ავტომობილის მძღოლებისათვის
 

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე სტანდარტულ საბაჟო პროცედურებთან ერთად, ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის ღონისძიებების ფარგლებში, უცხო ქვეყნიდან გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალების ყველა მძღოლს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე უტარდება სკრინინგი,  ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად. სკრინინგის დროს სავარაუდო შემთხვევების გამოვლენისას ხორციელდება მათი დაფიქსირება და  შემდეგი პროცედურების განხორციელება:

 

  • ადგილზევე პირის დაუყოვნებლივი დროებითი იზოლაცია. თუ შეუძლებელია პირის ადგილზევე დროებით იზოლაცია, ესკორტირებით მოხდება შესაბამის უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში მისი გადაყვანა;
  • სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების სათანადო დეზინფექცია, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით;
  • ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ჩანაცვლება სხვა ფიზიკური პირით, რომელიც არ განეკუთვნება რისკჯგუფს, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი (პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსვლისას მართავდა ავტოსატრანსპორტო საშუალებას) დაექვემდებარება უკან დაბრუნებას (უცხო ქვეყნის მოქალაქე) ან, კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კარანტინს/შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებას; 
  • ავტოსატრანსპორტო საშუალების გამწევის (შეწყვილებული კომბინაციის შემთხვევაში) ჩანაცვლება ისეთი გამწევით, რომელიც არ განიხილება კორონავირუსის გავრცელების რისკის მქონედ, ხოლო თავდაპირველი გამწევის (რომელიც გამოიყენებოდა ტვირთის  საქართველოს საბაჟო ტერიტორიამდე ტრანსპორტირებისათვის) უკან გაბრუნება;
  • ავტოსატრანსპორტო საშუალების (სატვირთო ავტომობილის, შეწყვილებული კომბინაციის) გადაადგილება უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში და ტვირთის გადატვირთვა სხვა სატრანსპორტო საშუალებაში, რომელიც არ განიხილება კორონავირუსის გავრცელების რისკის მქონედ, ხოლო თავდაპირველი ავტოსატრანსპორტო საშუალების (რომელიც გამოიყენებოდა ტვირთის საქართველოს საბაჟო ტერიტორიამდე ტრანსპორტირებისათვის) უკან გაბრუნება;ამასთანავე, ტრანზიტულად გამავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლი თერმულ სკრინინგზე უარყოფითი შედეგის შემთხვევაში არ ექვემდებარება იზოლაციას;

 

 

 

COVID–19-ის გავრცელების საფრთხის პრევენციისა და უკეთ მართვის უზრუნველყოფის მიზნით,  უცხო ქვეყნიდან შემოსული სატვირთო ავტომობილის საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება უნდა განხორციელდეს შემდეგი პირობების დაცვით: 

  • საბაჟო გამშვებ პუნქტზე პროცედურების დასრულების შემდეგ, დანიშნულების ადგილამდე უნდა გადაადგილდეს გაუჩერებლად (გაჩერება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიებზე (STOP POINT), სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისის შესაძენ პუნქტებზე (https://tpl.ge/) და საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ ავტოსადგომებზე);
  •  STOP POINT-ებზე მძღოლს უფლება აქვს შეავსოს საწვავის მარაგი, შეიძინოს გზათსარგებლობის ბარათი, მოიწესრიგოს თავი და შეიძინოს პირადი მოხმარებისთვის საჭირო ნივთები/სურსათი;

 შექმნილი სირთულეების შემთხვევაში (ავტომობილის გაუმართაობა, ჯანმრთელობის გაუარესება და სხვა) მძღოლი უნდა დაუკავშირდეს შესაბამის სამსახურებს და მათ მისვლამდე უნდა დარჩეს ავტომობილის კაბინაში. ამ მიზნებისათვის უნდა დარეკოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების და საგანგებო სიტუაციების მართვის  ცენტრში ნომერზე -  112;

 

უცხო ქვეყნიდან შემოსულმა ტრანზიტულად გადაადგილებულმა სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებამ (მის ეკიპაჟთან ერთად) საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვოს:

  • საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ ან „ყაზბეგის“ მიმართულებით ტრანზიტულად გადაადგილებისას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით) – ქვეყანაში შემოსვლიდან 48 საათის განმავლობაში; 
  • საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით გასვლისას – ქვეყანაში შემოსვლიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში; 
  • ნებისმიერ სხვა შემთხვევაში – ქვეყანაში შემოსვლიდან 24 საათის განმავლობაში – (გარდა სგპ „ყაზბეგიდან“ ან „ყაზბეგის“ მიმართულებით გადაადგილებისა და საქართველოს ტერიტორიიდან საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით გასვლისა) –; 

 

შენიშვნა:

საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების ვადებში არ ჩაითვლება დროის მონაკვეთები, რომლებიც მოიცავს:

  • -საბაჟო ფორმალობების განხორციელებისათვის საჭირო დროს;
  • -საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომებზე შესვლიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების ავტოსადგომიდან გასვლისათვის „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ განსაზღვრულ დრომდე პერიოდს;
  • - „საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 ივნისის №1-1/208–№01-55/ნ–№127 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად მძღოლის ცხელების ცენტრში შესვლიდან სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) ტექნოლოგიით კორონავირუსზე ტესტირების პასუხის მიღებამდე პერიოდს;
  • -კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, სპეციალურად შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისათვის საჭირო დროს.“;

 

დამატებითი ეპიდემიოლოგიური კონტროლი სატვირთო ავტომობილის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მძღოლებისათვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დასტურდება, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მძღოლი იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა):

  • თუ ტრანზიტული სატვირთო ავტომობილის გასვლა უნდა განხორციელდეს საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით და მძღოლი საქართველოს ტერიტორიას არ ტოვებს შემოსვლიდან 48 საათში, იგი ვალდებულია, უზრუნველყოს პირველი სწრაფი მარტივი ტესტირების ჩატარება ამავე ვადაში, ხოლო ყოველი შემდგომი ტესტირება – ბოლო ტესტირებიდან 72 საათის გასვლამდე.

შენიშვნა:

– აღნიშნულ ვადებში არ ჩაითვლება საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ ავტოსადგომებზე შესვლიდან „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ასახული მონაცემების გამოყენებით განსაზღვრული გასვლის დროის მონაკვეთები.

– სწრაფი მარტივი ტესტირებისათვის შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდას უზრუნველყოფს თავად მძღოლი, შესაბამისი იმპორტიორი/ექსპორტიორი ან სხვა დაინტერესებული პირი.

გაითვალისწინეთ:

– მძღოლი (ასევე შესაბამისი ტვირთის მფლობელი, ექსპორტიორი, იმპორტიორი) ვალდებულია, დროულად განახორციელოს შესაბამისი სატრანსპორტო/ლოჯისტიკური ოპერაციები და პროცედურები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს ტერიტორიის დატოვება დადგენილ ვადებში.

– საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ ავტოსადგომებზე შესაბამისი სატვირთო ავტომობილის გაჩერების შემდგომ, დაუშვებელია მძღოლის მხრიდან ავტოსადგომის ტერიტორიის დატოვება (გარდა საქართველოს ტერიტორიის დატოვების მიზნით გადაადგილებისა).

– ახალ კორონავირუსზე (SARS-CoV-2) სწრაფი მარტივი ტესტირებისათვის შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდას უზრუნველყოფს თავად მძღოლი, შესაბამისი იმპორტიორი/ექსპორტიორი ან სხვა დაინტერესებული პირი.

 

 

გაითვალისწინეთ,    საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 მუხლის შესაბამისად, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაც იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირისა − 10 000 ლარით.

 

 

სატრანსპორტო საშუალებებისათვის, სხვადასხვა საჭიროებებისათვის დროებით შეჩერების მიზნით სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიებად (STOP POINT) განსაზღვრულია:

  • ურბნისი – ქარელის რაიონი, სოფ. ურბნისი, საკადასტრო კოდი: 68.16.45.054;
  • თერჯოლა – თერჯოლის რაიონი, სოფ. სიქთარვა, საკადასტრო კოდი: 33.08.38.224;
  • გორი – გორის რაიონი, სოფ. ტინისხიდი, საკადასტრო კოდი: 66.44.02.033;
  • ზესტაფონი – ზესტაფონის რაიონი, სოფ. არგვეთა, საკადასტრო კოდი: 32.03.34.211.
  • თბილისის შემოვლითი გზის 30-ე კმ, გარდაბნის რაიონი, სოფ. ბროწეულა. საკადასტრო კოდი: 81.10.25.577.
  • თბილისის შემოვლითი გზის 31-ე კმ, გარდაბნის რაიონი, სოფ. ბროწეულა. საკადასტრო 81.10.25.147.