ინფორმაცია დაკავშირებულია ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან !
"გამარტივდა ზოგიერთი სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქციის იმპორტი"
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ პანდემიად გამოცხადებული კორონავირუსული ინფექციის (COVID-19) ეპიდაფეთქებებით გამოწვეულ შედეგებზე სწრაფი რეაგირებისა და ბიზნეს სექტორისათვის დამატებითი ბარიერების შემსუბუქების მიზნით ცვლილება შევიდა „ტექნიკური რეგლამენტის – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №605 დადგენილებაში. აღნიშნული ცვლილებით 2020 წლის 1 ოქტომბრამდე ჩერდება დადგენილების 25 მუხლის მოქმედება. შედეგად, არასასურათო დანიშნულების ზოგ პროდუქტზე დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა რეგლამენტთან შესაბამისობის სასაზღვრო კონტროლი, ნაცვლად 2020 წლის 1 აპრილისა, განხორციელდება 2020 წლის 1 ოქტომბრიდან. ეს პროდუქტებია:
- მე-3 კატეგორიის მასალიდან შინაური ბინადარი ცხოველის გადამუშავებული საკვები;
- შინაური ბინადარი ცხოველის ნედლი საკვები, შინაური ბინადარი ცხოველის დაკონსერვებული საკვები, ძაღლის საღრღნელი ძვალი, მატყლი, ტყავი და კანი;
- მეფუტკრეობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი (მადპ).
დეტალური ინფორმაცია იხილეთ
იმპორტის პროცედურათა გამარტივებას ემსახურება აგრეთვე ცვლილება „ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №340 დადგენილებაში. კერძოდ, დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების“ მე-13 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-17 მუხლის მოქმედება, რომლებითაც იმპორტირებული ფრინველის ხორცისადმი დაწესებულია დამატებითი მოთხოვნები, შეჩერებულია 2020 წლის 20 ოქტომბრამდე.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ემსახურება ბიზნესის ხელშეწყობას, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ახალი კორონავირუსის (COVID-19) ეპიდემიის ფონზე არსებულ გამოწვევათა დაძლევისათვის.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ
|