საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

ვის შუძლია ისარგებლოს „დაუბეგრავი მინიმუმის“ გამოქვითვის უფლებით?

ფიზიკურ პირს, რომლის ერთობლივი შემოსავალი, საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2014 კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 6000 ლარს, უფლება აქვს, შესაბამისი კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან გამოქვითოს დაუბეგრავი მინიმუმი − 1800 ლარი.

შენიშვნა: დაუბეგრავი მინიმუმის მიზნისათვის, 6000 ლარიანი ზღვარის გაანგარიშებისას,  არ გაითვალისწინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის საფუძველზე საშემოსავლო  გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული შემოსავალი.


რა იგულისხმება ერთობლივ შემოსავალში?

ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:

ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;

გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.


რა იგულისხმება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში?

ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში იგულისხმება დარიცხული (დასაბეგრი) ხელფასი, (რომლის მიღებაც პირს შეუძლია ხელზე ან საბანკო დაწესებულების მეშვეობით, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით). კერძოდ - ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.


როგორ იანგარიშება დასაბრუნებელი თანხა?

თუ 2014 კალენდარული წლის განმავლობაში ფიზიკური პირის ერთობლივი შემოსავალი  არ აღემატება 6000 ლარს, შესაბამისი კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან გამოიქვითება დაუბეგრავი მინიმუმი − 1800 ლარი. 

      მაგალითი:

       ინდივიდუალური მეწარმის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის შესახებ წლიური დეკლარაციის მიხედვით 2014 წლის საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავალი (გარდა, ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა) შეადგენს 2000 ლარს (ეს შემოსავალი არ არის გათავისუფლებული დაბეგვრისაგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მიხედვით). ამავე დროს დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშო თვ(ეებ)ის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის მე-7 გრაფაში (განაცემის თანხა (ლარი)) ასახული მონაცემების ჯამი შეადგენს 3000 ლარს. 

      ფიზიკური პირის მიერ 2015 წლის 10 აპრილს წარდგენილ იქნა 2014 წლის დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაცია. დეკლარაციის თანახმად, დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 360 ლარს. სახაზინო სამსახურში გასაგზავნი საგადახდო დავალების მომზადებისას პირის სალდირებული ზედმეტობა შეადგენს 360 ლარს.  

შედეგი: აღნიშნულ  შემთხვევაში, ფიზიკურ პირს დეკლარაციაში მითითებული 360 ლარი დაუბრუნდება სრულად.

თუ ფიზიკურ პირს ბიუჯეტის წინაშე გააჩნია სალდირებული დავალიანება, დაუბეგრავი მინიმუმის ფარგლებში დასაბრუნებელი შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის თანხა შემცირდება დავალიანების თანხის ოდენობით.

პირობები იგივეა, მაგრამ  სახაზინო სამსახურში გასაგზავნი საგადახდო დავალების მომზადებისას პირის სალდირებული ზედმეტობა შეადგენს 140 ლარს (220 ლარი ჩათვლილ იქნა საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში, 360-220=140)

შედეგი: აღნიშნულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს დეკლარაციაში მითითებული 360 ლარიდან დაუბრუნდება 140 ლარი.


დაუბეგრავი მინიმუმით სარგებლობის მიზნებისათვის 6000 ლარამდე შემოსავალში გაითვალისწინება თუ არა საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლებული შემოსავალი?

დაუბეგრავი მინიმუმის მიზნისათვის დასაბეგრ შემოსავალში არ გაითვალისწინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლებული შემოსავალი.

  მაგალითად: თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე ფიზიკური პირის მიერ 2014 წელს მიღებული ხელფასი შეადგენს 8500 ლარს, მას უფლება აქვს ისარგებლოსკანონმდებლობით დადგენილი 3000 ლარამდე შეღავათით და ამავე დროს 5500 (8500-3000) ლარიდან გამოიქვითოს 1800 ლარი, როგორც დაუბეგრავი მინიმუმი და შესაბამისად, დაიბრუნოს აღნიშნულ თანხაზე გადახდილი საშემოსავლო გადასახადის თანხა 360 ლარი (1800*20%=360).


რა ფორმით შეუძლია ფიზიკურ პირს მოითხოვოს დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნება?

მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან ფიზიკური პირი უფლებამოსილია წარადგინოს დეკლარაცია დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ”, რომლის ფორმა დამტკიცებულია გადასახადების ადმინისტრირების შესახებსაქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის #996 ბრძანებითდანართი II085. ფორმა განთავსდება www.rs.ge-ზე მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან. 


როდის და სად შეუძლია ფიზიკურმა პირმა მოახდინოს დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაციის შევსება?

2015 წლის პირველი აპრილიდან 2015 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით ფიზიკურ პირს შეუძლია დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაცია შემოსავლების სამსახურში წარადგინოს სახლიდან გაუსვლელად - ინტერნეტის საშუალებით, ასევე შემოსავლების სამსახურის სერვის-ცენტრში ან შესაბამის საბანკო დაწესებულებაში მისვლით.

შენიშვნა: პირის რეგისტრაციის საფუძველია მის მიერ წარდგენილი დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის დეკლარაცია, შესაბამისად პირს ცალკე გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება არ წარმოეშვება. 


როგორ გაარკვიოს პირმა აქვს თუ არა დაუბეგრავი მინიმუმით სარგებლობის უფლება?

შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე www.rs.ge განთავსებულ დეკლარაციაში, მხოლოდ პირადი ნომრის მითითებით პირს შეუძლია აღმოაჩინოს, სარგებლობს თუ არა დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის და შესაბამისად თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლებით.


როგორ განისაზღვრება დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე ფიზიკურ პირთა კატეგორია?

 2014 კალენდარული   წლის   მიხედვით    დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე ფიზიკურ პირთა (როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში დასაქმებული პირები) განსაზღვრა ხორციელდება მათ მიერ განხორციელებული საგადასახადო ანგარიშგების ან/და საგადასახადო აგენტ(ებ)ის მიერ შესაბამისი საანგარიშო პერიოდ(ებ)ის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე.

   ამასთან, პირთა განსაზღვრა განხორციელდება მუდმივად განახლებად მონაცემებზე დაყრდნობით.


როგორ უნდა მოიქცეს პირი იმ შემთხვევაში, როდესაც მის მიერ გაანგარიშებული დასაბრუნებელი თანხა არ ემთხვევა დეკლარაციის შევსებისას ველში მითითებულ თანხას?

მოცემულ შემთხვევაში პირს, დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, შეუძლია მიმართოს დამქირავებელს (დამქირავებლებს) და უზუსტობის გამოვლენის შემთხვევაში დამქირავებლ(ებ)ი ვალდებულნი არიან განახორციელონ შესაბამისი პერიოდის მიხედვით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ფორმების დაზუსტება.

შენიშვნა: დამქირავებლ(ებ)ის მიერ ინფორმაციის დაზუსტების შემდგომ პირს უფლება აქვს მოითხოვოს თანხის დაბრუნება დადგენილი წესით.


აქვს თუ არა ფიზიკურ პირს უფლება დააზუსტოს „დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ“ წარდგენილი დეკლარაცია?

პირს უფლება აქვს 2015 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით განახორციელოს დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ წარდგენილი დეკლარაციის დაზუსტება.


დაუბეგრავი მინიმუმის სარგებლობისას რა ვადაში ხდება შესაბამისი გადასახადის თანხის დაბრუნება?

პირის მიერ წარდგენილი დეკლარაცია მის პირადი აღრიცხვის ბარათზე აისახება ავტომატურად, დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს რის შემდეგაც, თანხის დაბრუნების მიზნით 3 თვის ვადაში, საგადასახადო ორგანო სახაზინო სამსახურს უგზავნის შესაბამის საგადახდო დავალებას, დეკლარაციის წარმოდგენის რიგითობის გათვალისწინებით.


დაუბეგრავი მინიმუმით სარგებლობისას, როგორ ხორციელდება საშემოსავლო გადასახადის თანხის დაბრუნება?

პირისათვის შესაბამისი თანხის დაბრუნება ხორციელდება ამავე პირის მიერ წარდგენილ დეკლარაციაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე. 


text