საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

რა შემთხვევაშია სავალდებულო ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გამოწერა?

სასაქონლო ზედნადების გამოწერა სავალდებულოა სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას-მყიდვლელის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს).


სავალდებულოა თუ არა სასაქონლო ზედნადების თავიდან გამოწერა, როდესაც იცვლება ტრანსპორტირების სახე?

მოცემულ შემთხვევაში შესაძლებელია ზედნადების კორექტირება ტრანსპორტირების სახის შეცვლის მიზნით.


ზედნადებში რომელი მონაცემების ცვლილება არ არის შესაძლებელი?

ზედნადებში არ იცვლება შემდეგი მონაცემები- ზედნადების სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ავტომატურად ენიჭება ზედნადებს, ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი, და ასევე ზედნადების ტიპი (მაგ. დისტრიბუცია, მიწოდება ტრანსპორტირებით, შიდა გადაზიდვა და ა.შ) 


თუ საქონლის გადაზიდვა ხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით, რა ტიპის ზედნადები უნდა გამოიწეროს?

 ამ შემთხვევაში  გამოიწერება  ელექტრონული სასაქონლო ზედნადები, მიწოდება ტრანსპორტირებით .


როგორ უნდა გამოვწეროთ ზედნადები, როდესაც საქონლის მიწოდება ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების რამდენჯერმე ცვლილებას?

სატრანსპორტო საშუალების რამდენჯერმე ცვლილების შემთხვევაში, ზედნადებში მოხდება კორექტირება და აღნიშნულის შესახებ მიეთითება შენიშვნის გრაფაში.


სავალდებულოა თუ არა სასაქონლო ზედნადების თავიდან გამოწერა, როდესაც იცვლება დანიშნულების ადგილის მისამართი?

სასაქონლო ზენდადების თავიდან გამოწერა მოცემულ შემთხვევაში არ არის სავალდებულო, შესაძლებელია ზედნადების კორექტირება.


პირი ახდენს საქონლის მიწოდებას ტრანსპორტირებით და ტრანსპორტირების დაწყებისას მისთვის უცნობია, თუ რა ფასში მოახდენს ადგილზე ამ საქონლის რეალიზაციას. რა უნდა ქნას ?

ტრანსპორტირების დაწყებამდე ზედნადებში მიუთითებს საქონლის სავარაუდო სარეალიზაციო ფასს, ხოლო საქონლის ფაქტობრივად გაყიდვის შემდეგ ადგილზე მოახდენს ფასის კორექტირებას


დისტრიბუციის დროს პროდუქციის ნაწილი გაიყიდა ქვეზედნადებით, ნაწილი - სალარო აპარატით, დღის ბოლოს როგორ მოხდება დისტრიბუციის ზედნადების განაშთვა?

ქვეზედნადებითა და სალარო აპარატით რეალიზაციების ჯამის განაშთვა მოხდება ბუღალტრულად. ამასთან, თუკი საქონლის რეალიზაცია განხორციელდა მხოლოდ ქვეზედნადებით, მთავარ ზედნადებში „ნაშთი“ ღილაკზე დაჭერით მოხდება დისტრიბუციის ზედნადების განაშთვა.


თუ მთავარ ზედნადებში საერთო თანხა მეტია ქვეზედნადებებში მითითებულ საერთო თანხაზე (იგულისხმება, რომ საქონლის რაოდენობა ემთხვევა , ადგილი ჰქონდა ფასდაკლებით მიწოდებას), რომელი თანხა ჩაითვლება შემოსავალში: მთავარ ზედნადებში ასახული თანხა თუ ქვეზედნადებებში.

შემოსავალში ჩაითვლება ქვეზედნადებების მიხედვით რეალიზაციის თანხა.


შესაძლებელია თუ არა, დისტრიბუციისას გამოწერილ ერთიან სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებული საქონლის სარეალიზაციო ფასი განსხვავდებოდეს ქვეზედნადებებში დაფიქსირებული ფასისაგან?

შემოსავალში ჩაითვლება ქვეზედნადებების მიხედვით რეალიზაციის თანხა.


პირმა, რომელიც ახდენს დისტრიბუციას რამდენიმე დღის განმავლობაში, გამოწერა ერთიანი ზედნადები, სავალდებულოა თუ არა ყოველდღე აღნიშნული ზედნადების დასრულება და ყოველ მეორე დღეს ახალი სასაქონლო ზედნადების გამოწერა?

აღნიშნულ შემთხვევაში ყოველდღე გამოწერილი ერთიანი სასაქონლო ზედნადების დასრულება სავალდებულო არ არის.


დისტრიბუციის ზედნადების დასრულების შემდეგ შესაძლებელია თუ არა ცვლილებების შეტანა?

შესაძლებელია.


შეუძლია თუ არა დისტრიბუტორს საქონლის ბორტიდან გაყიდვა?

დისტრიბუტორს შეუძლია საქონელი გაყიდოს ბორტიდან.


პირი ახდენს ჯართის ტრანსპორტირებას რაიონიდან თბილისში სარეალიზაციოდ, მაგრამ ჯერ არ იცის, სად ჩააბაროს საქონელი ფასების ცვალებადობის გამო. ამ შემთხვევაში მან უნდა გამოწეროს შიდა გადაზიდვის ელექტრონული ზედნადები?

მოცემულ შემთხვევაში შესაძლებელია დისტრიბუციის ზედნადების გამოწერა.


გადამხდელი ახორციელებს შიდა გადაზიდვას და გადაზიდვისას იყენებს ორი სახის ტრანსპორტს: როგორც საავტომობილოს, ასევე სარკინიგზოს, ასეთ შემთხვევაში ტრანსპორტირების სახეში რა უნდა მიუთითოს?

სატრანსპორტო საშუალების რამდენჯერმე ცვლილების შემთხვევაში, შესაძლებელია ზედნადების კორექტირება. ასევე გადამხდელს მოცემულ შემთხვევაში შეუძლია ტრანსპორტირების დაწყებისას აირჩიოს ის ტრანსპორტირების სახე, რითაც ახდენს გადაზიდვას, (მაგ. საავტომობილო) ხოლო ტრანსპორტირების ცვლილებისას გამოწეროს ახალი ზედნადები და მიუთითებს ტრანსპორტირების შესაბამის სახე (მაგ. სარკინიგზო).


ესაჭიროება თუ არა გადასახადის გადამხდელს „შიდა გადაზიდვის ზედნადების” გამოწერა, როდესაც მას ობიექტები აქვს ერთსა და იმავე ტერიტორიაზე ან შენობაში?

თუ არ ხდება მისამართის ცვლილება, არ არის საჭირო შიდა გადაზიდვის ზედნადების გამოწერა.


ესაჭიროება თუ არა გადასახადის გადამხდელს ,,შიდა გადაზიდვის ზედნადების” გამოწერა, როდესაც მას საწყობი აქვს სხვა მისამართზე და ობიექტი სხვა მისამართზე?

დიახ, ესაჭიროება.


როდესაც პირი თავის კუთვნილ ობიექტებზე (სტრუქტურულ ერთეულებში) არიგებს სხვადასხვა საქონელს, მაგრამ წინასწარ არ იცის, თითოეულ ობიექტზე რამდენი საქონელი უნდა დატოვოს (შიდა დისტრიბუცია), ამ შემთხვევაში რა ტიპის ზედნადები უნდა გამოიწეროს: შიდა გადაზიდვის თუ სადისტრიბუციო?

შიდა გადაზიდვის ზედნადები გამოიწერაბა იმ შემთხვევაში, როდესაც პირი ახდენს საკუთრებაში არსებული საქონლის ტრანსპორტირებას და არ ხდება საქონლის მიწოდება (რეალიზაცია), ხოლო დისტრიბუციის ზედნადები გულისხმობს საქონლის მიწოდებას გამყიდველის/გამგზავნის თანამშრომლის (დისტრიბუტორის) მიერ. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში პირმა უნდა გამოწეროს შიდა გადაზიდვის ზედნადები.


სავალდებულოა თუ არა შიდა გადაზიდვის ზედნადებში საქონლის ფასის მითითება?

შიდა გადაზიდვის ზედნადებში საქონლის ფასის მითითება სავალდებულო არ არის.


შეუძლია თუ არა გადასახადის გადამხდელს დასრულებული ელექტრონული ზედნადების გაუქმება, გაუქმების ვადა განსაზღვრული ხომ არ არის?

დასრულებული ზედნადების გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზედნადებზე გამოწერილია დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურა.


უკან დაბრუნების ზედნადები მყიდველმა უნდა გამოწეროს თუ გამყიდველმა?

უკად დაბრუნების ზედნადების გამოწერა ხდება გამყიდველის მიერ.


ფირმამ მიაწოდა საქონელი თებერვალში, ფულის გადაუხდელობის გამო დღეს მოაქვს ტვირთი უკან, შეუძლია თუ არა უკან დაბრუნების ზედნადები გამოწეროს?

შესაძლებელია.


შეიძლება თუ არა დასრულებული ზედნადების კორექტირება?

დასრულებული ზედნადების კორექტირება შესაძლებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზედნადებზე გამოწერილია დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურა.


როდესაც ტვირთის გადაზიდვა ხდება უცხო ქვეყნის ნომრიანი მანქანით, ტრანსპორტირების სახეში რა იწერება?

მოცემულ შემთხვევაში ტრანსპორტირების სახეში არჩეულ უნდა იქნას „საავტომობილო-უცხო ქვეყნის“.


შეიძლება თუ არა ერთ მანქანაზე ერთდროულად რამდენიმე ზედნადები იყოს გამოწერილი?

შეზღუდვა არ არის.


შესაძლებელია თუ არა ტრანსპორტირების თარიღის გადავადება და რა დროით?

ტრანსპორტირების თარიღის გადავადება შესაძლებელია მხოლოდ 3 დღით.


სავალდებულოა თუ არა სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვისას ან გადაადგილებისას ზედნადების გამოწერა?

პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პირველადი (სამრეწველო გადამუშავებამდე – სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პროდუქციის ტრანსპორტირებას ან მიწოდებას,  ზედნადების გარეშე აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირების/მიწოდების შემთხვევაში მასზე არ გავრცელდება სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პასუხისმგებლობა.


რა თანხით ჯარიმდება მეწარმე, რომელიც ტვირთს გადაზიდავს ელ. ზედნადების გარეშე?

სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, გადასახადის გადამხდელი ჯარიმდება 500 ლარის ოდენობით.


სავალდებულოა თუ არა მრგვალი ხეტყის (მორის) ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების გამოწერა?

სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირების შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერა სავალდებულოა.


რა სახის სანქცია არის გათვალისწინებული პირის მიერ მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების შემთხვევაში?

სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 1 000 ლარს, −იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევასხოლო იმ შემთხვევაში როდესაც ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.


შესაძლებელია თუ არა ზედნადების კორექტირება და როგორ?

გააქტიურებულ ზედნადებში შეტანილი მონაცემების კორექტირება შესაძლებელია. ზედნადებს გააჩნია კორექტირების ღილაკი, რომლის დაჭერის შემთხვევაში პროგრამა საშუალებას იძლევა განხორციელდეს მონაცემების ცვლილება.


text