ვინ არის ქონების გადასახადის გადამხდელი?
ქონების გადასახადის გადამხდელნი არიან რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირები, რომელთაც აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დასაბეგრი ქონება.
რა არის ფიზიკური პირისთვის ქონების გადასახადით დასაბეგრი?
ფიზიკური პირისათვის ქონების, გარდა მიწისა, გადასახადით დასაბეგრია:
ა) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათი ნაწილი), იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრული მსუბუქი ავტომობილები;
ბ) არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონება;
გ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივები, დაუმონტაჟებელ მოწყობილობები, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონება
ფიზიკური პირისათვის მიწაზე ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:
ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწა;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწა, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;
გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებული, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ფიზიკური პირი ქონების გადასახადის გადამხდელი?
ფიზიკური პირი (მათ შორის მეწარმე ფიზიკური პირი) ქონების გადასახადის გადამხდელია:
• თუ საქართველოს ტერიტორიაზე დასაბეგრი ქონების მფლობელია და ამ პირის ოჯახის წინა წლის შემოსავლები აღემატება 40 000 ლარს.
• თუ საქართველოს ტერიტორიაზე გააჩნია დასაბეგრი მიწა, მიუხედავად შემოსავლების ოდენობის.
ფიზიკური პირის ოჯახის წევრებში ვინ იგულისხმებიან?
ფიზიკური პირის ოჯახის წევრებში იგულისხმება თვითონ პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. გადასახადის გადამხდელი თავად უპირობოდ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს (ზემოაღნიშნულ პირთაგან), რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ და საერთო მეურნეობას ეწევიან.
როგორ იბეგრება ფიზიკური პირის ქონება?
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
რა სახის შემოსავალი უნდა შეიტანოს ფიზიკური პირის ოჯახმა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით ქონების გადასახადის დეკლარირების დროს?
ფიზიკური პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად, კერძოდ:
ა) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისთვის − ეკონომიკური საქმიანობით მიღებული, სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლის მხოლოდ 25%, ხოლო სხვა შემოსავალი − სრული ოდენობით;
ბ) ნებისმიერი შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან;
გ) დარიცხული ხელფასი.
აღნიშნულ შემოსავლებში არ შეიტანება:
• ოჯახის წევრებისაგან მემკვიდრეობით, ჩუქებით ან განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება;
• ფიზიკური პირის მიერ (მათ შორის, I რიგის მემკვიდრის მიერ ჯამურად თავისი და მამკვიდრებლის) 2 წელზე მეტი ვადით მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციით მიღებული შემოსავალი
• ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონების თავდაპირველი რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;
• ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;
• ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტების შესაბამისად საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან განთავისუფლებული შემოსავალი;