საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

ინფორმაციის განახლების თარიღი: 19 აპრილი 2019

საშემოსავლო გადასახადი

ინფორმაცია განახლებულია 2019 წლის 21 თებერვლისთვის მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.

  • რა არის საშემოსავლო გადასახადი და ვინ არის საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი?
  • საშემოსავლო გადასახადი არის საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადი, რომლის გადამხდელს წარმოადგენენ რეზიდენტი ფიზიკური პირები, ასევე არარეზიდენტი ფიზიკური პირები, რომლებიც შემოსავალს იღებენ საქართველოში არსებული წყაროდან.

    (სსკ - მუხლი 6, 79).

  • ვინ ითვლება საქართველოს რეზიდენტ ფიზიკურ პირად?
  • საქართველოს რეზიდენტად, მთელი მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში, ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული  თვის პერიოდში, რომელიც მთავრდება ამ საგადასახადო წელს, ან ფიზიკური პირი, რომელიც ამ საგადასახადო წლის განმავლობაში იმყოფებოდა უცხო ქვეყანაში საქართველოს სახელმწიფო სამსახურში.

    (სსკ - მუხლი 34).

  • რა არის რეზიდენტი ფიზიკური  პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი?
  • რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

    (სსკ - მუხლი 80).

  • რა არის საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი?
  • დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, გარდა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული ცალკეული სახის შემოსავლებისა;
  • აღნიშნული განაკვეთისგან განსხვავებული განაკვეთით იბეგრება შემდეგი სახით შემოსავალი:

  • საცხოვრებელი ფართობის ორგანიზაციაზე, იურიდიულ პირზე ან ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შედეგად იმ ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს, 5 პროცენტით იბეგრება;
  •  ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება.
  •  (სსკ - მუხლი 81).

  • რომელი შემოსავლები ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას?
  • გადახდის წყაროსთან დაბეგვრას ექვემდებარება შემდეგი სახის შემოსავლები:

  • ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;
  • დივიდენდები;
  • პროცენტები;
  •  როიალტი, გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირის მიღებული როიალტისა;
  • შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;
  • ფიზიკური პირის, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის, მიერ 1000 ლარზე მეტი ქონების უსასყიდლოდ გადაცემით მიღებული შემოსავალი;
  • ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), მიერ მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი.
  • (სსკ - მუხლი 154).

  • რა განაკვეთით იბეგრება შემოსავლის სახეები, რომლებიც ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას?
  • ხელფასი - 20%-ით;
  • პროცენტი -5%-ით;
  • დივიდენდი -5%-ით;
  • რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული როიალტი -20%-ით;
  • შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი - 3%-ით.
  •  (სსკ - მუხლი 130, 131, 132, 1333,154).

  • როგორია საშემოსავლო გადასახადის გადახდისა და ანგარიშგების წესი?
  • ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან, საშემოსავლო გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე და ამავე ვადაში გადაიხდის კუთვნილ საშემოსავლო გადასახადს.

    განსხვავებული წესით იბეგრება საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოში დასაქმებული ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი.

    საქართველოში არსებულ დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციას, ასევე, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს არ ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი საგადასახადო აგენტის ფუნქციის შესრულება.

    მოცემულ შემთხვევაში დაქირავებული პირის მიერ საშემოსავლო გადასახადი გადახდას ექვემდებარება ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

  • სსკ - მუხლი 153, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანება - მუხლი 34,  „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასის დაბეგვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 ივნისის N291 დადგენილება - მუხლი 3;4)
  • ვის ევალება საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე გადასახდელების გადახდა?
  • მიმდინარე გადასახდელების გადახდა ევალება მეწარმე ფიზიკურ პირს წინა საანგარიშო პერიოდის წლიური გადასახადის მიხედვით შემდეგი ოდენობით:

  • არაუგვიანეს 15 მაისისა – 25 პროცენტი;
  • არაუგვიანეს 15 ივლისისა – 25 პროცენტი;
  • არაუგვიანეს 15 სექტემბრისა – 25 პროცენტი;
  • არაუგვიანეს 15 დეკემბრისა – 25 პროცენტი.
  • (სსკ - მუხლი 155).

  • ფიზიკურ პირს ქონების ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში ეკისრება თუ არა საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება?
  • საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება საგადასახადო წლის განმავლობაში:

  • I და II რიგის მემკვიდრეების მიერ ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება;
  •  1000 ლარამდე ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულება, გარდა დაქირავებულის მიერ დამქირავებლისაგან ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულებისა;
  • III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ 150 000 ლარამდე ღირებულების, ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება.
  • სხვა შემთხვევაში, ქონების ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებისას ფიზიკურ პირს ეკისრება საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება ჩუქებით ან მემკვიდრეობით ქონების მიღებული ქონების საბაზრო ფასიდან.

  • სსკ - მუხლი 82)
  • ქონების ჩუქებისას ან/და ანდერძით მემკვიდრეობისას ვინ შეიძლება ჩაითვალოს I,II,III, და IV რიგის მემკვიდრეებად?
  • ქონების ჩუქებისას ან/და ანდერძით მემკვიდრეობისას I, II, III და IV რიგის მემკვიდრეებად ითვლებიან შემდეგი პირები:

  • I რიგის მემკვიდრეებად − მეუღლე, შვილი, ნაშვილები, შვილიშვილი, შვილიშვილის შვილი და მისი შვილი, მშობელი და მშვილებელი;
  • II რიგის მემკვიდრეებად − და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები;
  • III რიგის მემკვიდრეებად − ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან;
  •  IV რიგის მემკვიდრეებად − ბიძა (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდა და მამიდა.
  • სსკ - მუხლი 82)
  • როგორ იბეგრება ფიზიკური პირის მიერ აქტივების რეალიზაცია?
  • ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე ნაკლები ვადით საკუთრებაში არსებული აქტივის ან/და საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 6 თვეზე ნაკლები ვადით საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით  მიღებული ნამეტი იბეგრება საშემოსავლო გადასახადით.

  • სსკ - მუხლი 82)
  • როგორ იანგარიშება აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი?
  • აქტივის „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“ იანგარიშება, როგორც:

  •  სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და მასზე საკუთრების უფლების წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის;
  • სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და უსასყიდლოდ მიღების მომენტში მის საბაზრო ფასს შორის, თუ აქტივზე საკუთრების უფლება უსასყიდლოდ იყო მიღებული.
  • სსკ - მუხლი 82)
  •  იბეგრება თუ არა რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული შემოსავალი?
  • საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი (მათ შორის, სარგებელი), რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს.

    (სსკ - მუხლი 82)

  • რა საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირები?
  • საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება 2023 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ:

    - საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება;

    -   ამ საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასი, თუ დამქირავებლის მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება.

    (სსკ - მუხლი 82)

  • ვინ სარგებლობს კალენდარული წლის განმავლობაში 3000 ლარამდე მიღებულ დასაბეგრ შემოსავლზე საშემოსავლო გადასახადში დაწესებული საგადასახადო შეღავათით?
  • საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება შემდეგ ფიზიკურ პირთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე:

  • მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანი საქართველოს მოქალაქეების;
  •  პირის, რომელსაც მინიჭებული აქვს „ქართვლის დედის“ საპატიო წოდება;
  • მარტოხელა დედის;
  • პირის, რომელმაც იშვილა ბავშვი (შვილად აყვანიდან 1 წლის განმავლობაში);
  • პირის, რომელმაც მინდობით აღსაზრდელად აიყვანა ბავშვი;
  • მაღალმთიან  დასახლებაში  მუდმივად  მცხოვრები სამ- ან მეტშვილიანი პირის (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი) მიერ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან  კალენდარული  წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ ერთ- ან ორშვილიან პირს (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი) მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებულ 3 000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი 50 პროცენტით უმცირდება.
  • სსკ - მუხლი 82)
  • ვინ სარგებლობს კალენდარული წლის განმავლობაში 6000 ლარამდე მიღებულ დასაბეგრ შემოსავლზე საშემოსავლო გადასახადში დაწესებული საგადასახადო შეღავათით?
  • საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება:

  • ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 6000 ლარამდე;
  • იმ პირის მიერ, რომელმაც „საქართველოს თავდაცვის ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6 000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი;
  • მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან და  სახელმწიფოს მიერ ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული სამედიცინო დაწესებულებიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა.
  • (სსკ - მუხლი 82)

    შენიშვნა: ფიზიკური პირის მიერ მიღებული სხვა ტიპის შემოსავლები, რომელიც გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისაგან იხილეთ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლში.

    text